"გუკას გათავისუფლება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ “ცენტრ პოინტის” საქმეები დაიძრას და დაზარალებულებმა სახლებში შესვლა დაიწყონ"

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც იქნება თავისუფლებაზე, - ამის შესახებ “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, რუსუდან კერვალიშვილის შვილმა ნინო დარასელმა გლდანის # 8 საპყრობილესთან განაცხადა , სადაც გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებიან.

დარასელის შეფასებით, „გუკას გათავისუფლება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ “ცენტრ პოინტის” საქმეები დაიძრას და დაზარალებულებმა სახლებში შესვლა დაიწყონ“.

მისივე თქმით, გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, ვინაიდან მას 9-თვიანი პატიმრობის ვადა ეწურებოდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთი ოჯახის წევრი მაინც იქნება თავისუფლებაზე, თან ვახოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის და მიხარია, რომ მისი შვილი გვერდით იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ საქმეების წინ წაწევას, რომელიც ამ საქმესთანაა დაკავშირებული. თავს უფრო ძლიერად ვიგრძნობ. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, არაფერზე აღარ მინდა საუბარი, რა იყო სწორი და რა არა. მთავარია, საქმე დაიძრას და რაღაც სინათლე გამოჩნდეს გვირაბის ბოლოს. მიხარია, რომ გუკა გამოვა და ნახავს, რომ გისოსებს მიღმა გაზაფხულია”, - განაცხადა დარასელმა.

მისივე თქმით, გურამ რჩეულიშვილი “ცენტრ პოინტის” საქმეებში ჩახედულია და მისი ჩართულობა დაზარალებულების დაკმაყოფილების პროცესს ბევრად უფრო დააჩქარებს.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

გურამ რჩეულიშვილს ასევე დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.