სამმა ქართველმა მეგობარმა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში პირველი ქართული ბარ-რესტორნი გახსნა. კახაბერ გაბელაია, რატი წაქაძე და ელენე ყიფიანი იდეის განხორციელებაზე რამდენიმე თვე ფიქრობდნენ, ბარ-რესტორანი Pepella კი ორი კვირის წინ გახსნეს.
როგორც ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას რესტორნის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახაბერ გაბელაიამ განაცხადა, დიდი ხნის მანძილზე სხვადასხვა ქართული კერძის ტესტირებას გერმანელ მეგობრებთან ერთად ახდენდნენ და რესტორნისთვის შესაბამის ადგილს ეძებდნენ.
”რესტორნის გახსნამდე, ქათულ კერძებს ვამზადებდით და ჩვენს გერმანელ მეგობრებს ვთავაზობდით, რომლებსაც ძალიან მოსწონდათ და ბარ-რესტორნის გახსნას გვთხოვდნენ. რა თქმა უნდა, აქ რესტორნის გახსნა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, ყველაფერი ჩვენი ძალისხმევით გავაკეთეთ. ხალხს ძალიან მოსწონს ქართული კერძები, გვყავს როგორც გერმანელი, ასევე საქართველოდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული სტუმრებიც, მათ შორის აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან”, - ამბობს კახაბერ გაბელაია.
პირველი ქართული ბარ-რესტორანი დიუსელდორფში მომხმარებელს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, მასპანძლობს. Pepella-ს სტუმრებს ოცამდე ქართული კერძისა და სხვადასხვა სასმელის დაგემოვნება შეუძლიათ. როგორც კახაბერ გაბელაია ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, „პეპელას“ სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან ხინკალი, მწვადი, ჩაქაფული, ფხალეულობა, სალათები, ხაჭაპური, ლობიანი და სხვა ქართული კერძი. რესტორანი მომხმარებლებს როგორც ქართულ, ისე იტალიური ასორტიმენტის ღვინოებს, ქართული მინერალურ წყალსა და ლიმონათებს სთავაზობს.
ბარ-რესტორნის მთავარი და დამხმარე მზარეულები ქართველები არიან, კერძებს ასევე ამზადებს ერთ-ერთი დამფუძნებელი რატი წაქაძე.
როგორც კახაბერ გაბელაია გვეუბნება, რესტორანში დასაქმებული არიან როგორც ქართველები, ასევე გერმანელები.