პირველი 2-3 თვე იქნება დაძაბული სიტუაციები და ბიზნესს შესაძლოა პრობლემები შეექმნას, თუმცა შემდეგ ყველაფერი გამოსწორდება. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.
როგორც ალავერდაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მოწევის აკრძალვას მიესალმება, მაგრამ სტუმრის მიერ შენობაში მოწევისთვის, იურიდიული პირის 5 ათასი ლარით დაჯარიმება აბსურდია.
„თავიდან 2-3 თვე იქნება სირთულეები, თუმცა შემდეგ მიეჩვევა ხალხი. ეს თემა ირლანდიამაც კი გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელები ყველაზე მწეველი ხალხია, ირლანდიურ პაბებში მოწევა აიკრძალა. რაც შეეხება იურიდიული პირისთვის ფულადი სანქციის დაკისრებას, თუ ვინმე სიგარეტს მოწევს, არასწორია. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ ნასვამი სტუმარი შემოვიდა რესტორანში და სიგარეტს მოუკიდა. სანამ მენეჯერი მივა, ადამიანურად, ეტიკეტის დაცვით დაელაპარაკება, სტუმარი მოწევს სიგარეტს და ამ შემთხვევაში რესტორანი რატომ უნდა დაჯარიმდეს?! ორი ვარიანტია - ან მე უნდა დავჯარიმდე ან ჩხუბით და ცემით გავიყვანო სტუმარი შენობიდან. ფაქტობრივად, დაცვას უფლებას ვაძლევ, როგორც კი დაინახავს რომ ვიღაცამ სიგარეტს მოუკიდა, როგორც რაგბიშია, გაიქცეს და გარეთ გაიტანოს. ეს ყველაფერი კი იმიჯისთვის არის ცუდი, რადგან მეორე დღეს ყველა იმას დაწერს, რომ რესტორნიდან ვიღაც ცემით გააგდეს. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მომსახურების სერვისი ნელ-ნელა იხვეწება და ახლა გამოდის, რომ უზრდელი უნდა გავხდე“, - ამბობს ალავერდაშვილი.
მისივე თქმით, მართალია მის სასტუმროებში მოწევა ახლაც აკრძალულია, თუმცა ნომერში მოწევის ფაქტები მაინც ფიქსირდება.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე - ე.წ. დრაივი. ამასთან, ფილმებში თამბაქოს მოწევის ამსახველი კადრების დაფარვის აუცილებლობაც შეიძლება გაჩნდეს.
თაია არდოტელი