„ახალგაზარდა ადვოკატები“ - თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს

მონაწილე კომპანიებისა და კონკურსის პირობების სამართლებრივი ანალიზი დაიწყეს და დღეს მედიას შუალედური ანგარიში წარუდგინეს.

როგორც ორგანიზაცია იუწყება, გენგეგმის შემუშავების პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობა არ ყოფილა და ბევრი კითხვაა სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებითაც.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დოკუმენტი, რომელსაც „სითი ინსტიტუტი“ ამზადებს, ჩატარებული საქმიანობიდან, განხორციელებული პროცესებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოების ჩართულობის პროცესის შედეგს და აშკარად აკლია საჯარო დისკუსიის კომპონენტი.

„მსგავსი მიდგომა კანონის მოთხოვნაა და აშკარაა მისი უგულებელყოფა. ამასთან, არ არსებობს არც ერთი შეხვედრის, ან განხილვის ოქმი, ან შემუშავებული დასკვნა საზოგადოების სხვადასხვა ფენების და დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობის საკითხზე და მათი მონაწილეობის ხარისხზე. გარდა ამისა, თბილისის გენგეგმა ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს, რაზეც ჩვენ დეტალურად უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებენ, ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წლის 5 ივნისს მიღებულ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმას, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის თანახმად, უკვე რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

„მთავარი კითხვა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხზე დაისმის. ამასთან, დადგენას მოითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქმედება, რომელმაც თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ასახა. მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა სახელმწიფო უწყებას ადგილობრივი თვითმმართველობიდან წარმოდგენილი დოკუმენტის სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, მისი უპირობოდ რეგისტრაციის კანონიერი საფუძვლები. საკითხის შესწავლამ აჩვენა, რომ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმას ნამდვილად შემოაქვს ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციისა და დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურმა გეგმის ცნება და ნორმატიული შინაარსი, რომელიც „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამოთვლილ ტერმინთა განმარტებაში ცალკე სახით არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულის თაობაზე განმარტებას არ იძლევა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე არსებული არცერთი საკანონმდებლო აქტი. აღნიშნულის თაობაზე მსჯელობა არ არის არც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონში, რომელსაც საფუძვლად მიუთითებს ქალაქ თბილისის საკრებულო 2009 წლის გადაწყვეტილების მიღების დროს. აღნიშნულის თაობაზე ცალკე ტერმინი და ნორმატიული შინაარსის განმარტება არ მოიძებნება არც 2014 წლის თებერვალში მიღებულ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“.

კანონმდებლობაში მხოლოდ საუბარია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თაობაზე, რომელიც თავის მხრივ, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განმარტებულია, როგორც ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი, თუმცა მისი მრავალმხრივი შინაარსობრივი მნიშვნელობის მიუხედავად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმას არ გააჩნია დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის იურიდიული სტატუსი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2017 წლის 24 მარტს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმის შემუშავების პროცესის მონიტორინგში ჩართვის შესახებ და კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი ანგარიშების სამართლებრივ ანალიზის წარმოდგენის თაობაზე საჯარო განცხადება გააკეთა. ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში მაშინ აღინიშნა, რომ შეფასებების საგანი იქნება მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი დასაბუთების საკითხი. ამასთან, გამოცხადებული კონკურსის პირობები, გამარჯვებული კომპანიის გამოცდილება და კონკურსის ჩატარების გამჭვირვალობის შესწავლის საკითხი.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიებმა თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაცია უნდა წარუდგინონ საზოგადოებას და ის ცვლილებები გააცნონ, რაც დედაქალაქში უნდა განხორციელდეს.