ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი ზედამხედველობა და დეპოზიტების დაზღვევა საბანკო სისტემის განვითარების საფუძველი.
ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო სესიაზე ,,დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს განაცხადა.
„ჩემი წარმოდგენით, სტაბილური და მდგრადი საბანკო სისტემის უზრუნველსაყოფად ერთდროულად უნდა მუშაობდეს სამი კომპონენტი - ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. მათი ერთობლიობა არის საფუძველი საბანკო სისტემის მდგრადი და სტაბილური განვითარების. საქართველო ბოლო ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც დეპოზიტების დაზღვევის სისტემის განხორციელებას ახლა იწყებს. სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენ დაახლოებით, 8-10 წლით დავიგვიანეთ, ჩამოვრჩით მოვლენებს და განვითარებას. დღეს ჩვენ საფუძველს ჩავუყრით ქართული საფინანსო სექტორის კიდევ ერთ ფუნდამენტს - დეპოზიტების დაზღვევის სისტემას. მივესალმები და მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ პარლამენტმა ოპტიმალურ ვადებში მიიღოს იგი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე თქმით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს და იგი უზრუნველყოფს დეპოზიტების დაცვას იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს ექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა.
როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი თანხების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 5000 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპოზიტორთა დიდი უმრავლესობა მთლიანად იქნება დაზღვეული. ,,დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.