თბილისელთა 64% ფიქრობს, რომ შენობებში მწეველთათვის სპეციალური ზონები უნდა შეიქმნას

თბილისის გამოკითხული მოსახლეობის 64%-ის აზრით, შენობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწეველებისთვის სპეციალური ზონები უნდა გამოიყოს.

”ეისთის” კვლევის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილე თბილისელების მეოთხედი - 26% მიიჩნევს, რომ მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მხოლოდ 10%-ს მიაჩნია, რომ თამბაქოს მოხმარება საერთოდ არ უნდა შეიზღუდოს.

კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 31% თამბაქოს მომხმარებელია. აქედან 18% ქალია, 48% კი კაცი.

კომპანიის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში თბილისში მცხოვრებმა 400-მა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა 2017 წლის აპრილში ჩატარდა, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება 4.9%-ს არ აღემატება.

პარლამენტმა გუშინ “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რომლის თანახმადაც დახურულ შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა 2018 წლის მაისიდან აიკრძალება. ასევე აიკრძალება თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას.