გურამ რჩეულიშვილი - ძალიან მალე პროკურატურაში მივიტანთ საგარანტიო წერილებს, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება

გურამ რჩეულიშვილი უახლოეს პერიოდში პროკურატურაში საგარანტიო წერილებს წარადგენს იმის დასტურად, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება , - ამის შესახებ გურამ რჩეულიშვილმა, მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეთავაზებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, საგარანტიო წერილები იქნება ინვესტორის მხრიდან გაცემული, თუმცა გურამ რჩეულიშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, ეს წერილები იქნება საბანკო გარანტია თუ სხვა სახის დოკუმენტი.

”ძალიან მალე პროკურატურაში მივიტანთ საგარანტიო წერილებს, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება და ასევე დადგინდება კონკრეტული ვადები. ამ ყველაფრის მიტანასთან ერთად უნდა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. არ არსებობს ისეთი მოცემულობა, სადაც დაზარალებული დაკმაყოფილდეს და დედაჩემი დარჩეს ციხეში, ეს ფიზიკურად არ და ვერ მოხერხდება. მზად ვარ ყველასთან ერთად დავჯდე და დავიწყო მოლაპარაკებები, რათა დავდოთ რაღაც შედეგი. შედეგს საგარანტიო სახე ექნება მიცემული, რის შემდეგაც მაია გამოვა და მე და მაია ერთად დავამთავრებთ ამ პროცესს”, - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.