„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ფრანსუა ფიიონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს რუსეთზე სანქციების მოსახსნელად.
აღნიშნულის შესახებ ფრანსუა ფიიონმა რადიოსადგურ France Inter-ის ეთერში განაცხადა.
„რაც კი შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, რათა ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გავაუქმო“, - განაცხადა ფრანსუა ფიიონმა.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ანგელა მერკელს ესაუბრა.
„მე ამ თემაზე ანგელა მერკელს უკვე ვესაუბრე. ვფიქრობ, ამ სანქციებს არანაირი შედეგი არ მოაქვს, გარდა იმისა, რომ ჩვენს სოფლის მეურნეობას ავნებს“, - აღნიშნა ფრანსუა ფიიონმა.
„სანქციები ის მეთოდი არ არის, რომელსაც მე გამოვიყენებდი, რათა რუსეთი დამერწმუნებინა თავისი პოზიცია შეეცვალა“, - დასძინა ფიიონმა.