”მიცუბიშის” წარმომადგენლობამ საქართველოს მთავრობას ელექტროავტომობილები გადასცა

"მიცუბიში მოტორსის კორპორაციამ" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მიცუბიშის" 5 ინოვაციური ელექტრომობილი, "I-Miev-ს" გადასცა.

„ჩვენმა კომპანიამ ამ ჟესტით საქართველოს მთავრობის მიმართ კეთილი ნება გამოხატა. ეს ფაქტი კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და იაპონიის ქვეყნებს შორის თანამეგობრობასა და სამომავლო ურთიერთობებს“, - განაცხადეს "მიცუბიში მოტორს კორპორაციის" წარმამადგენლობაში.

Mitsubishi I-MIEV ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომანქანაა, რომელსაც სავსე აკუმულატორით 120-150 კილომეტრის გავლა შეუძლია. I-MIEV ჩვეულებრივი დენის წყაროდან იმუხტება, რასაც 7 საათი სჭირდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტრომობილები საქართველოში მალე ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს და მათ ეკოლოგიურობას კიდევ უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა.

"2015 წლის 1 მარტიდან ძალაში შევა კანონი ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებაზე, რაც ძველი ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა", - აცხადებენ ავტოიმპორტიორ კომპანიაში.

ელექტრომობილების გადაცემის ცერემონიას "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი, "მიცუბიში მოტორს კორპორაციის" ევროპა-მცირე აზია-აფრიკის რეგიონების კორპორატიული დირექტორი, კაჯი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე დაესწრნენ.

დამსწრეთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მსურველებისთვის ტესტ-დრაივიც გაიმართა.