პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მეორე მოსმენით ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მის თანმდევ პროექტებს იხილავს. პაკეტის თანახმად, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. აღნიშნული ვადის გასვლამდე, პირი მართვის უფლების აღდგენას შეძლებს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორეჯერ ამოეწურა მინიჭებული ქულები, იგი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ვეღარ შესძლებს გამოცდის ჩაბარების გზით მართვის უფლების აღდგენას.
ამასთან, საკომიტეტო მოსმენის დროს, გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ხოლო ზოგ სამართალდარღვევებზე კი შემცირდა. მაგალითად, ღვედის გამოუყენებლობაზე შემოთავაზებული იყო მართვის მოწმობისთვის 10 ქულის ჩამოკლება, რაც 5 ქულამდე შემცირდა, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის - მართვის მოწმობისთვის 20 ქულის ჩამოკლება 30 ქულამდე გაიზარდა.
პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებებით, მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა ნებადართულია უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში და აღნიშნულ შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი.
წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, მკაცრდება სანქციები ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის. მოწმობის ვადამდე აღდგენის მიზნით სამართალდამრღვევს საქმის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება წარმოეშობა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან არა უადრეს 3 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მიმართვის შემთხვევაში, პირს მართვის უფლება აღუდგება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ ან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის შემთხვევაში.
მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს უკონტაქტო პატრულირების შემოღებას. კერძოდ, პოლიციას ენიჭება უფლება პრევენციული საქმიანობის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რომელიც უზრუნველყოფს დამრღვევ მძღოლთა გამოვლენას წინასწარი იდენტიფიკაციის გარეშე.
პოლიციის სარგებლობაში არსებული ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტო/ვიდეო ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში. პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.