სააგენტოები, რომლებიც მიგრანტებს უცხოეთში უკანონოდ უშვებენ, დაჯარიმდებიან

ამ ადამიანების ისტორიები იდენტურია: ახლობლის რჩევით, ან ე.წ. დასაქმების სააგენტოს დახმარებით უცხოეთში წავიდნენ, სადაც უკიდურესად მძიმე პირობებში მოუხდათ მუშაობა. ძალიან ბევრს ჩამოართვეს საბუთები და მიზერულ ანაზღაურებაზე ამუშავებდნენ, ზოგს კი - დამსაქმებელი იმის ნახევარსაც არ უხდიდა, რასაც აქ, საქართველოში დაჰპირდნენ. ისინი შრომითი მიგრანტები არიან - ადამიანები, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ხალხს ენდნენ და უცხო ქვეყნებში ტრეფიკინგის მსხვერპლად იქცნენ.

ეკონომიკის დოქტორი, ექსპერტი შრომისა და დასაქმების საკითხებში - ციური ანთაძე - მიგრანტების პრობლემებზე კარგა ხანია მუშაობს. ის არაერთ მაგალითს ასახელებს, როცა ჩვენი მოქალაქეები ე.წ. დასაქმების სააგენტოებს, ან კერძო პირებს ენდნენ და უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

„ტრეფიკინგი და ადამიანის უფლებების შელახვა ხშირ შემთხვევაში არალეგალურ დასაქმებას უკავშირდება. იმის გამო, რომ საქართველოდან შრომითი მიგრანტები ძირითადად არალეგალური გზით გადიან, საზღვარგარეთ ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობის, დისკრიმინაციისა და ტრეფიკინგის შეთხვევები არც ისე იშვიათია. მე უკვე წლებია ვმუშაობ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებთან და ათეულობით უმძიმესი ისტორია მომისმენია. ამ ისტორიებიდან ჩანს, რომ ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ არცთუ ისე იშვიათად განიცდიან დისკრიმინაციას, ირღვევა მათი უფლებები და ტრეფიკინგის ფაქტებთანაც გვაქვს საქმე.

მიგრანტების უფლებების დარღვევა ხშირად საქართველოდან წასვლამდე იწყება, როცა ისინი არაკეთილსინდისიერი შუამავლების „აფიორის“ მსხერპლნი ხდებიან და საკმაოდ დიდ ფინანსებსაც კარგავენ. ასეთი დაზარალებული საქართველოს მასშტაბით ბევრია - მათი დანაკარგი ხშირად 1000-2000 ევროსაც აღწევს. ყოფილა შემთხვევები, როცა სამუშაოს მაძიებელი საზღვრიდან დააბრუნეს, ანდა ადგილზე ჩასულს სრულიად სხვა, მძიმე და აუტანელი პირობები დახვდა: არც დაპირებული სამუშაო, არც დაპირებული ხელფასი, არც შრომისა და ცხოვრების დაპირებული პირობები. ასეთ დროს ტრეფიკინგის საფრთხეც მეტია: დამსაქმებლები ემიგრანტებს ართმევენ პირად დოკუმენტებს, აიძულებენ მათთვის არასასურველი სამუშაოს შესრულებას, შრომის საფასურს ნაწილობრივ, ან საერთოდ არ უხდიან და მძიმე პირობებში ამყოფებენ. გვხვდება ასევე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, რაზეც საუბარს მიგრანტები ერიდებიან“, - აცხადებს ციური ანთაძე.

მისი შეფასებით, ეს იმიტომ ხდება, რომ საზღვარგარეთ დასაქმება არ არის ორგანიზებული და დასაქმების მსურველები თვითნებურად, კანონის დარღვევით ცდილობენ უცხოეთში წასვლას.

„ტრეფიკინგის ფაქტების შემცირების მთავარი გზა ლეგალური დასაქმების ხელშეწყობაა. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება უცხოეთში წავიდნენ, მშვიდად იშრომონ და ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში“, - აცხადებს ექსპერტი.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიშა კორძახია კი მიიჩნევს, რომ კანონში შრომითი მიგრაციის შესახებ, ეს საკითხი გარკვეული და მოგვარებულია.

„ჩვენს სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის ბერკეტი, რომ ამ მოვლენას წინ აღუდგეს. იმ სააგენტოების გაკონტროლება, რომლებიც საზღვარგარეთ მუშახელს უშვებენ, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციებში შედის. მათი აღრიცხვაზე აყვანა და შემოწმება იოლია, თუმცა გაცილებით რთულია იმ ადამიანების ბედის განსაზღვრა, ვინც საზღვარგარეთ თავისი არხებით და ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მიდის. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ რა რისკი ახლავს თან საზღვარგარეთ სტიქიურად გასვლას“, - აღნიშნავს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

რა კეთდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში შრომითი მიგრაციის მოსაწესრიგებლად? - ამ შეკითხვით ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ელზა ჯგერენაიას მივმართეთ.

„2015 წელს მიიღეს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ, რომელმაც განსაზღვრა საქართველოდან გამავალ და შემომავალ მიგრანტთა ნაკადის რეგულაცია. კანონი გულისხმობს კერძო დასაქმების სააგენტოების მონიტორინგს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმებაში ეხმარებიან. მათ დაევალათ წარმოედგინათ გასული წლის ანგარიში ჩვენი სამინისტროსთვის, რაც მოიცავს, თუ რამდენი მოქალაქე გაიყვანეს ჩვენი ქვეყნიდან, რომელ სექტორში, რა კომპანიაში, რა კვალიფიკაციის და ა.შ... ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ჩვენი შრომითი მიგრანტების შესახებ სრული ინფორმაცია გვქონდეს.

ამჟამად უკვე მიღებული მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს. იმ სააგენტოების თუ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ხალხს ატყუებდნენ, უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა საბედნიეროდ, ასეთი ორგანიზაცია ბევრი არ არის. ჩვენი მოკვლევის შედეგებს უახლოეს მომავალში მოგაწვდით - ამ თვის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში რაღაც მონაცემები უკვე გვექნება და მედიასაც გავაცნობთ. სახელმწიფო სრულყოფილ ინფორმაციას მოითხოვს დასაქმების კომპანიებისგან. ის სააგენტოები, რომლებიც მიგრანტებს უცხოეთში უკანონოდ უშვებენ, აუცილებლად დაჯარიმდებიან, ჯარიმის მოცულობა 500-დან 1000 ლარამდე იქნება“, - ამბობს ელზა ჯგერენაია.

ელზა ჯგერენაია ყველას, ვისაც უცხოეთში დასაქმება სურს, ურჩევს, მათ სტრუქტურას მიმართონ.

„ჩვენ ამ ადამიანებს კონსულტაციას გავუწევთ და ვურჩევთ, როგორ დაიცვან თავი მოსალოდნელი უსიამოვნებებისგან. პირველ რიგში მიგრანტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს და საქართველოდან ლეგალური გზით უნდა გავიდეს - ეს იმის გარანტია, რომ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყანაში კაბალურ პირობებში არ აღმოჩნდება“, - აღნიშნავს ელზა ჯგერენაია.

ხათუნა ჩიგოგიძე