სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასით რეგიონები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძვირი მიწა გურიაში, სამეგრელოსა და რამდენიმე ისეთ სოფელშია, რომელიც ადგილწარმშობის ღვინოებით არის ცნობილი. ამ რეგიონებში 1 ჰექტარი 8-15 ათასი ლარიც ღირს. ყველაზე იაფი (პრაქტიკულად უფასო) მიწა რაჭა-ლეჩხუმშია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ადგილობრივებს იქ მყიდველი კარგა ხანია თვალით არ უნახავთ და 1 ჰა-ს გაყიდვას 300 ლარადაც ვერ ახერხებენ.
გამონაკლისი ტერიტორიების გარდა, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას ფასი არ აქვს და ხალხიც არ იჩენს ინტერესს, რომ მიწის ნაკვეთი დაისაკუთროს ან ახალი ფართობი შეიძინოს. ამ მხრივ ურთულესი სიტუაციაა რაჭაში. მიწის გაყიდვა იქ დიდი პრობლემაა, რადგან საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში დასახლებისა და მით უმეტეს, სამეურნეო საქმიანობის სურვილი არავის აქვს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორისუბანში მცხოვრებ გივი მდივნიშვილს არ ახსენდება შემთხვევა, რომ ბოლო პერიოდში ვინმეს სოფელში მიწა შეეძინოს.
"გორისუბნის ტერიტორიაზე ფართობების უმატესობა დაუმუშავებელია. მათი მფლობელები დიდი ხნის წინათ აიბარგნენ აქედან და დასასვენებლადაც კი ვერ ჩამოდიან. ამიტომ მიწის დამუშავებაზე საუბარიც ზედმეტია. ზოგს საკუთარი ეზოსთვის ვერ მიუხედავს, ყიდვითაც არავინ ყიდულობს. სიმართლე გითხრათ, არც მახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს მიწის შეძენის სურვილი გამოეთქვას.
1 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას ხალხი 300 ლარად აფასებს და მაინც არ იყიდება. აქედან ხელის ერთ გაწვდენაზეა ხვანჭკარა. როგორც ვიცი, იქ მიწა ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ საყიდლადაც აღარ არის, ყველგან მასობრივად ვენახია გაშენებული. იშვიათად, რომ ვინმე გამორჩეულ ტერიტორიას შეელიოს", - ამბობს გივი მდივნიშვილი.
"რეზონანსის" გამოკითხვის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირად მიწა გურიაში იყიდება, სადაც 1 ჰა ფართობის ღირებულება 8000-დან 15000 ლარის ფარგლებშია. ცოტათი ნაკლებია ფასი სამეგრელოს რამდენიმე სოფელში, სადაც 1 ჰა მიწის ფასი 4000-7000 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა სამეგრელოში არის ისეთი ტერიტორიებიც, სადაც მიწის ფასი 2500 ლარს არ აჭარბებს.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თემურ ძნელაძე განმარტავს, გურიაში მაღალ ფასს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხარისხი განსაზღვრავს. იმის გამო, რომ გურიის უმეტს სოფლებში მიწის დეფიციტია, 1 ჰა ფართობის ყიდვა შეუძლებელია. ამ ოდენობით თავისუფალი ფართობი, ფაქტობრივად, აღარ არის.
"სხვადასხვა სოფელში ფასი განსხვავებულია. მინიმალური ტარიფი 1 ჰა-ზე არის 8000 ლარი და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მიწა შედარებით მწირია. უხვმოსავლიანი ნაკვეთის შეძენა ძალიან ძნელია ზოგადად ჩოხატაური მთაგორიანობითა და მცირემიწიანობით გამოირჩევა. მაგალითად, ბუკისციხეში 1 კვ/მ მიწის ყიდვა 1,50 ლარადაც გაგიჭირდებათ. ვენახის გასაშენებლად ეს მიწა საუკეთესოა და ამიტომ ღირს ძვირი. მიწა ძვირია ზემო ფარცხმასა და დაბლაციხეში, სადაც მევენახეობა-მეციტრუსეობას მისდევენ. რამდენიც არ უნდა ეძებოთ, ამ სოფლებში 1 ჰა გასაყიდ მიწას ვერ ნახავთ", - ამბობს თემურ ძნელაძე და დასძენს, რომ ბოლო დროს მიწის მიმართ ინტერესი ერთბაშად გაიზარდა.
"ხალხი ცდილობს, სადაც კი მიწა ეგულება, დაამუშავოს. ყოველ მტკაველს პატრონი გამოუჩნდა. ამიტომ დაუმუშავებელ მიწას რეგიონის ვერც ერთ სოფელში ვერ ნახავთ", - აცხადებს ძნელაძე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გურიის რამდენიმე სოფლის შემთხვევა მაგალითად ნაკლებად გამოდგება, რადგან საქართველოს უმეტეს რაიონებში მიწა უპრეცედენტოდ დაბალ ფასში იყიდება. ცალკე პრობლემაა დამუშავება და მოსავლიანობა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბევრი ისეთი სოფელია, სადაც საერთო მიწების ნახევარზე მეტი დაუმუშავებელია.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელის მათე გარდავას თქმით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას სათანადო ფასი არ აქვს.
"გლეხმა მიწას რაც არ უნდა დაადოს ფასი, გვერდით ჰყავთ დიდი კონკურენტი სახელმწიფოს სახით, რომელიც მიწების 90%-ს ფლობს და თვითონ ყიდის ბაზარზე. სანამ სასოფლო-სამეურნეო ფართობები მთლიანად არ გახდება კერძო საკუთრება, თეორიული შანსიც არ არსებობს, რომ გაძვირდეს.
გურია-სამეგრელოს ტერიტორია სუბტროპიკული ზონაა, იქაური მიწა საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა და ამის გამო ფასი გაცილებით მაღალია. ასევე ძვირია ქვემო ქართლის ტერიტორიაც - მარნეული და ბოლნისი, სადაც უხვმოსავლიანი მიწებია. ასევეა კახეთის რამდენიმე სოფელში, სადაც ყურძენი მოდის. ეს ფასიც შედარებითია, თითქოს ღირებულება მაღალია, მაგრამ გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც უნდა იყოს ჩვეულერივი საბაზრო ეკონომიკის პირობებში.
თქვენ წარმოიდგინეთ, თურქეთში ყველაზე ცუდი მიწა ღირს 30 000 დოლარი, სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში კი - 1000 დოლარი, რაც ალოგიკურია. ეს რა ფასია? ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება", - აცხადებს გარდავა.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც სპეციალისტები საუბრობენ, ტექნოლოგიების დეფიციტს უკავშირდება, განსაკუთრებით კი, მიწის მორწყვის საკითხს, რის გამოც სამეურნეო საქმიანობა და ხარისხიანი მოსავლის მიღება ჭირს.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"