ქართველმა პროგრამისტებმა Google-ის მიერ ჩატარებულ შეჯიბრზე Hashcode, რომელშიც ევროპისა და აფრიკის 2 815 გუნდი მონაწილეობდა, მე-3 ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრში, რომელიც Google-ის პარიზის ცენტრში ჩატარდა, საქართველომ წელს მეორედ მიიღო მონაწილეობა.
ქართველი პროგრამისტების გუნდი ALL In შეჯიბრზე 4 წევრის - ნიკა ჯიმშელეიშვილის, გიორგი საღინაძის, ირაკლი მერაბიშვილისა და აკაკი მამაგეიშვილის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.
ჯგუფის ოთხივე წევრი პროგრამისტია. გიორგი საღინაძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროგრამისტი და „თავისუფალ უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორია. ნიკა ჯიმშელეიშვილი ამერიკულ კომპანია MEMSQL-ში მუშაობს, ირაკლი მერაბიშვილი - "საქართველოს ბანკში". აკაკი მამაგეიშვილი კი Swiss Federal Institute of Technology-ის დოქტორანტია.
გიორგი საღინაძის თქმით, თავის სტუდენტებთან ერთად ამ შეჯიბრზე წინა წელსაც მონაწილეობდა, თუმცა, მაშინ გუნდმა მე-11 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ALL In-ის დანარჩენ სამ წევრს, ისინი წელს პირველად მონაწილეობდნენ.
„Hashcode არის პროგრამირებაში გუნდური შეჯიბრი. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესიონალებს. ჯერ ტარდება საკვალიფიკაციო რაუნდი და ამ რაუნდის შედეგების მიხედვით საუკეთესო 50 გუნდი გადადის ფინალში.საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილზე გავედით. რაც შეეხება უკვე დასკვნით, ფინალურ ტურს, იქ 50 გუნდიდან მესამე ადგილი დავიკავეთ,“-აღნიშნა გიორგი საღინაძემ.
მისივე თქმით, შეჯიბრების ფინალური ტური საათნახევარს გაგრძელდა, რა პერიოდშიც მონაწილეებმა პრაქტიკულ საკითხებზე მოცემული ამოცანა ამოხსნეს.
„მოცემული იყო რაღაც კონკრეტული ტერიტორიის რუკა, სადაც „ვაიფაის“ კაბელები უნდა გაგვეყვანა და როუტერები ყველაზე ოპტიმალურ ადგილებზე დაგვედგა. გარდა ამისა, სხვადასხვა საინტერესო თემებზე თავად „გუგლის“ თანამშრომლებმაც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრები ძალიან ეხმარება პროგრამისტებს. პირველ რიგში, აზროვნებას ავითარებს, ამასთან ტოპ კომპანიებში პროგრამისტებს ძირითადად მსგავს ამოცანებს აძლევენ“, - აღნიშნა საღინაძემ.
Georgian team rank 3rd at Google programming competition