ათენის 50-ე საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საბერძნეთის საჯარო სკოლებისათვის სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ათენის 50-ე საჯარო სკოლის ქართველი მოსწავლეების ბაზაზე 2 ჯგუფი დაკომპლექტდა. ქართულ ენას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სულ 14 ქართველი მოსწავლე შეისწავლის. სასწავლო პროცესს ათენში არსებული საკვირაო სკოლებიდან შერჩეული მასწავლებლები წარმართავენ. ქართული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ, სატესტო რეჟიმში აპრილ-მაისის პერიოდში ჩატარდება. პროგრამა სრულად მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ამოქმედდება.
პროგრამის წარმატების შემთხვევაში, საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, ქართული ენის სწავლება მაღალი კლასების ქართველი მოსწავლეებისთვისაც განიხილება. ქართული ენის საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში დგას თესალონიკის საჯარო სკოლებშიც. საქართველოს საელჩომ ქართული ენის სასწავლო პროგრამა შესაბამისი სახელმძღვანელოებით უზრუნველყო.