საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 2016-2017 წლების სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, 8 012 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, გასულ სასწავლო წელთან შედარებით, მათი რაოდენობა 1 369 კაცით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, უცხოელი სტუდენტების უმეტესობა - 4 599 საქართველოში კერძო უნივერსიტეტში სწავლობს. მათ შორის ყველაზე მეტი - 2 093 სტუდენტი აზერბაიჯანიდანაა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა დიდი ნაწილი ინდოეთიდანაა - 1 389.
საქსტატის ცნობით, უცხოელი სტუდენტებიდან 3 611 ბაკალავრიატის სტუდენტია, 4 401 კი მაგისტრატურაზე, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამასა და რეზიდენტურაზე სწავლობს.
ბაკალავრიატში ყველაზე მეტი - 2 235 უცხოელი სტუდენტი სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართალის ფაკულტეტებზე სწავლობს. მაგისტრატურაზე, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამასა და რეზიდენტურაზე სტუდენტთა უმრავლესობა, 4 232 კაცი ჯანდაცვასა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტზეა.
უცხოელი დოქტორანტების რაოდენობა საქართველოში 83-ია, მათი უმეტესობა - 50 სტუდენტი თურქეთიდანაა.
საქსტატის ინფორმაციით, საზღვარგარეთიდან საქართველოში სასწავლებლად ჩამოსული კაცი სტუდენტების რაოდენობა (5 509) 3 006-ით აღემატება ქალი სტუდენტების რაოდენობას (2 503).