“ლიკანისა“ და “ბორჯომის“ კუსტარულად დამზადების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მინერალური წყლების, “ლიკანისა“ და “ბორჯომის“ ფალსიფიცირების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს საცხოვრებელი სახლის სარდაფში, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების, „ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკაციას.

”საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კუსტარული დანადგარები და დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული მინერალური წყალი. ექსპერტიზის დასკვნით, რეალიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქცია დამზადებულია არასათანადო სანიტარულ პირობებში და ის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე”, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო palitranews.ge-ზე