სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ახალ საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს. შესაბამისი ღილაკი ახალი ამბების ველში გამოჩნდება.
სამი დღის განმავლობაში მომხმარებლების „კედლებზე“ გამოჩნდება ბმული „როგორ ამოვიცნოთ ყალბი ნიუსი“. ბმულზე დაჭერის შემთხვევაში, მომხმარებლები გადავლენ „ფეისბუქის“ ვირტუალური დახმარების ცენტრში, სადაც 10 პატარა რჩევის სახით მათ დაეხმარებიან გამოარჩიონ და დაბლოკონ ცრუ ინფორმაცია.
როგორც „ფეისბუქის“ წარმომადგენელი, ადამ მოსერი აღნიშნავს, რჩევები დაეხმარება ხალხს უფრო სკეპტიკური და ყურადღებიანი მკითხველი გახდეს, არ ენდოს ისე სათაურებს, რომლებშიც ძალიან ბევრი ძახილის ნიშანია ან ზედმეტად სკანდალურად გამოიყურება.
კამპანია სულ 14 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის: გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, ფილიპინებს, ინდონეზიას, ტაივანს, მიანმარს, ბრაზილიას, მექსიკას, კოლუმბიას, არგენტინას, აშშ-სა და კანადას.
მიუხედავად ცვლილებისა, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ მის სარგებლიანობაში. მათი აზრით, სიტუაცია მანამ იქნება გამოუსწორებელი, სანამ „ფეისბუქი“ გააგრძელებს მსგავსი სახის ნიუსების შემქმნელთა დიდი ტრაფიკითა და ადვილი წვდომით „დაჯილდოვებას“.
„ფეისბუქის“ ახალი ფუნქცია დღეიდან არის ხელმისაწვდომი.