"აუთდორჯიში" მენეჯმენტი შეიცვალა

გარე რეკლამის ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „აუთდორჯის“ (Outdoor.ge) მენეჯმენტი შეეცვალა.

ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის ახალმა დირექტორმა ტარიელ ჩოჩიშვილმა განუცხადა.

საჯარო რეესტრის 2017 წლის 9 მარტის ამონაწერის მიხედვით, სწორედ ტარიელ ჩოჩიშვილმა ჩაანაცვლა კომპანიის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ჭავჭანიძე.

კომპანია „აუთდორჯი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელთან იყო დაკავშირებული.

სწორედ მისი მფლობელობისას, 2009 წელს ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, „აუთდორჯიმ“ აუქციონის წესით თბილისის მერიისგან მიიღო ნებართვა, რომელიც გარე რეკლამების განთავსების 12 წლის ვადით მართვას ითვალისწინებდა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისა და ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, კეზერაშვილმა კომპანია და მისი სხვა ბიზნესები, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს მიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას იმ პერიოდში თავად კეზერაშვილი და იაკობაშვილი ადასტურებდნენ. მაგრამ საკუთრების ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებით არ დაფიქსირებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარე რეკლამების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის „აუთდორჯის“ მენეჯმენტის ცვლილების მიზეზი კომპანიის გაყიდვა გახდა.

თუმცა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთულია, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემებით, „აუთდორჯის“ ერთ-ერთი მთავარი,  70%-იანი წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Adprojects-ია. რაც შეეხება სხვა მფლობელებს, 20%-ს შპს „სამკუთხედი“; 10%-ს კი შპს „ჯეოტეკი“ ფლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჯეოტეკის“ 100%-იანი წილის მფლობელი ასევე ოფშორული კომპანია Adprojects არის.