ირაკლი კოვზანაძე - გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტი ეჭიდება დამოუკიდებლობის დღიდან მიღებულ ეკონომიკურ პრობლემებს და ეტაპობრივად აგვარებს მათ

პრობლემები ეკონომიკაში საქართველოს თან სდევს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, მიმდინარე ანგარიშის ქრონიკული დეფიციტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, დანგრეული ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა და სხვა.  პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა დღეს ეჭიდება სწორედ ამ მემკვიდრეობით პრობლემებს და თანმიმდევრულად, ეტაპობრივად აგვარებს მათ,“ - ასე უპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშში გაჟღერებულ ეკონომიკურ პრობლემებს.

ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ისეთ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, მიწის რეფორმა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება. ირაკლი კოვზანაძემ ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, სამთო კურორტების გაფართოებასა და უცხოურ ინვესტიციებზე.

„სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია და, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოა ის მომენტი, რომ ხელისუფლებას პრიორიტეტად აქვს დასახული არა მხოლოდ მიმდინარე, ამწუთიერი ცალკეული პრობლემების მოგვარება, არამედ მისი პროგრამა ემსახურება გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლის, ფუნდამენტის შექმნას,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შემდგომ გამართულ საპარლამენტო დებატებზე.