„ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსებული ახალი სათბური სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, შპს „ჯეოარ პლიუსის“ სასათბურე მეურნეობაში წლიურად 80-100 ტონა ბოსტნეულს აწარმოებენ. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2016 წელს გაიხსნა.
მათივე ინფორმაციით, კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 78,670 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 52 121 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს ხოლო 26 549 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.
„მთავრობის ინიციატივით უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტების განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება და, შესაბამისად, ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.
უწყების ცნობით, 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.