თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი გაკეთდება

ახალი მოფრენის ტერმინალს ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი ექნება. ხიდი ორ გასასვლელიანი იქნება და ერთდროულად ორ C ტიპის ავიახომალდს (B727, B737, MD-80, A320) მოემსახურება.

ამის შესახებ ინფორმაციას tav georgia ავრცელებს. მათი ცნობით, ხიდის თითოეული გასასვლელის მაქსიმალური გაშლა 39 მეტრია.

ხიდი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების განათებისა და საბურავების ავარიული გათიშვის ავტომატური სისტემებით, ინფრაწითელი სენსორებითა და დამატებითი სახანძრო გასასვლელით.

ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში, 5 ჩასხდომის ხიდი ექნება.

ახალი თაობის ჩასხდომის ხიდებს მსოფლიოს სხვადასხვა ახალაშენებულ აეროპორტებში იყენებენ.

მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის ზაფხულში დაიწყო და მისი დასრულება 2017 წლის ბოლოს იგეგმება. ახალი ტერმინალის ფართობი 12 000 კვადრატული მეტრი იქნება. მისი ამოქმედების შემდეგ აეროპორტი წელიწადში 3,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება.