2017 წლის პირველი 3 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 43.62%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილია 621 828 მგზავრი, რაც 43.62%-ით (188 869 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (432 959 მგზავრი).
ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
მხოლოდ 3 თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 528 145 მგზავრს მოემსახურა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 373 812 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 41.29% შეადგინა;
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 81%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 3 თვეში აეროპორტი მოემსახურა 37 711 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 68 369 მგზავრი შეადგინა;
3 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილია 23 696 მგზავრი, რაც 14.19%-ით (2 945 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის მხრივ, გასული 3 თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება;
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში 1 424 მგზავრს მოემსახურა, რაც 739 მგზავრით, შესაბამისად 107.88%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 3 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე მათი რაოდენობა 194 ადამიანს შეადგენდა.