ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში შევძელით ამ მასშტაბის, ამ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომელიც თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საქმეში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყაზბეგში, “დარიალი ჰესის” საზეიმოდ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, “დარიალი ჰესი” უნიკალურია და ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში აშენებულა.
გიორგი კვირიკაშვილმა პროექტს წარმატებული უწოდა და ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, რომლებმაც აღნიშნული ჰესის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ გასულ წელს, დევდორაკის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის დროს, ჰესის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებმა თავიანთი ტექნიკა დაუყოვნებლივ მიახმარეს მეწყერის დროს შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსასვლელად.
ორგანიზატორების ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 108 მგვტ სიმძლავრის „დარიალი ჰესის“ გახსნის ღონისძიებაზე ასევე იმყოფებიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
პროექტი საზოგადოებას წარუდგინეს “დარიალი ენერჯის” და პროექტის ინვესტორი კომპანიების შპს “ფერის”, შპს “ენერგიას” Robbins Company-ის და EBRD-ის ხელმძღვანელმა პირებმა. ღონისძიებას ასევე ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
“დარიალი ჰესის” ასაშენებლად ქვეყნის ეკონომიკაში 123 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.