თბილისში, ვილნიუსის სკვერში, დღეს „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ დასაცავად აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია ”სტუდენტები თავისუფლებისთვის”.
როგორც აქციის ერთი-ერთმა ორგანიზატორმა, ლიზა კაციაშვილმა განაცხადა, „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ერთ-ერთი პუნქტი სახელმწიფოს ზღუდავს, რომ გადასახადები რეფერენდუმის გარეშე გაზარდოს.
”სწორედ ამ პუნქტის შეცვლას ცდილობს დღევანდელი მთავრობა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავუგზავნოთ მკაცრი მესიჯი მთავრობას, რომ მოქალაქეები არ დათმობენ ამ თავისუფლების აქტს და მსგავსი ქმედებები ძალიან მავნებლურია ჩვენი ეკონომიკური გარემოსთვის”, - განაცხადა ლიზა კაციაშვილმა.
აქციაზე იმყოფებოდნენ ”ევროპული საქართველოსა” და ”გირჩის” წევრებიც.
როგორც ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ხელით საქართველოში სოციალიზმი ბრუნდება.
”საქართველომ სოციალიზმი 90-იანი წლების დასაწყისში კარიდან გააგდო და ახლა ივანიშვილის მთავრობის ხელით სოციალიზმი ფანჯრიდან გვიბრუნდება. ასე შეიძლება შეფასდეს ის ცვლილებები, რომელსაც კონსტიტუციაში გვთავაზობენ. ჩვენ ვიცით, რომ კონსტიტუციაში არის მყარი ჩანაწერი, რომელიც იცავს ჩვენს უფლებას, რომ მთავრობამ არ აწიოს გადასახადი რეფერენდუმის გარეშე. გადასახადის აწევა ნიშნავს იმას, რომ წაართვა მეტი ფული ბიზნესს, ხალხს და დახარჯო მერე, ვითომ შენი შეხედულებით, სინამდვილეში კი ბიუროკრატიაზე. ამიტომ ეს უფლება ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის. ამის მნიშვნელობა არ ესმის ერთადერთი საქართველოს მთავრობას. რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს მილიარდერის მთავრობა, რომელიც მილიონერებითაა დაკომპლექტებული ზრდის გადასახადებს, ანუ ართმევს ხალხს ფულს იმისთვის, რომ ბიუროკრატია შეინახოს”, - განაცხადა უგულავამ.
”გირჩის” ლიდერის ზურა ჯაფარიძის თქმით, პრინციპულია, რომ კონსტიტუციაში იყოს ჩანაწერები, რომელიც არცერთ ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკა გაატაროს.
”მთავარი პრობლემა, რაც ამ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, არის არასტაბილურობა. ერთი მხრივ არასტაბილურობა, რომელიც ახასიათებს დღევანდელი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლტიკას და მეორე მხრივ, ზოგადად არასტაბილურობა ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში. მუდმივად არსებობს რისკი, რომ ყოველი შემდეგი ხელისუფლება ეკონომიკურ პოლიტიკას მოაწყობს თავისი ხუშტურიდან გამომდინარე. პრინციპულია, რომ კონსტიტუციაში იყოს ჩანაწერები, ჩამკეტი მექანიზმები, რომელიც არცერთ ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას, გასცდეს გარკვეულ ფარგლებს და უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკა გაატაროს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.