ამერიკულმა კომპანია Apple-მა სამხრეთკორეულ კომპანია Samsung-ს 70 მილიონი OLED ეკრანი შეუკვეთა.
გავრცელებული ხმებით, შედეგად, Apple-ის ახალ iPhone-ის სულ ცოტა ერთ მოდელს მაინც გადახრილი ეკრანი ექნება.
ინფორმაციას „ეფლის“ შეკვეთის შესახებ ამერიკული მედია Nikkei Asian Review-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა სხვა დამატებითი ცნობა ფაქტთან დაკავშირებით არ გახმაურებულა.
წინასწარი პროგნოზით, „ეფლი“ მიმდინარე წლის შემოდგომით სამი iPhone-ის პრემიერას გეგმავს: მათგან ორი იქნება ჩვეულებრივი LCD ეკრანის, ხოლო ერთი „პრემიუმ“ ვარიანტი მიიღებს გადახრილ OLED ეკრანს. თუ ვიმსჯელებთ შეკვეთის რაოდენობიდან, კომპანიაში ამ მოდელზე დიდ მოთხოვნას ელოდებიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის დანარჩენ ორზე უფრო ძვირიც ეღირება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple გეგმავდა OLED პანელებზე შეკვეთის გაკეთებას კიდევ ერთი სამხრეთ კორეული კომპანია LG Display-ისთვის, მაგრამ როგორც ჩანს საბოლოო გადაწყვეტილება მაინც Samsung Display-ზე შეაჩერა, რომელიც მსოფლიოს სმარტფონების OLED ეკრანების ბაზრის 99%-ს მოიცავს.
კოკა კვირკველია