"ამ სქემით ევროპაში მოხვედრას თურქეთის ის მოქალაქეები ისწრაფვიან, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან სხვადასხვა დარღვევის გამო დეპორტირებული არიან..."
საქართველოში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ემოციებით დატვირთული პირველი ნაკადი დაბრუნდა... როგორც ირკვევა, ვიზალიბერალიზაციის ეს ისტორიული პროცესი სიკეთესთან ერთად ბევრი სირთულის მომტანიცაა - თუ ადრე საქართველოს მოქალაქეები ბინადრობის ან მოქალაქეობის მისაღებად უცხოელებთან ფიქციურად ქორწინდებოდნენ, ახლა თურქეთის მოქალაქეები ცდილობენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქართველებთან ფიქციური ქორწინება გააფორმონ და ქართული პასპორტით ევროპაში მოხვდნენ. ეს სქემა სახიფათოა, რადგან ამ გზით ევროპაში მოხვედრას თურქეთის ის მოქალაქეები ისწრაფვიან, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან სხვადასხვა დარღვევის გამო დეპორტირებული არიან...
ვლადიმერ წითელაშვილი, თურქეთში მცხოვრები ქართველი: - უკვე რამდენიმემ მთხოვა, იქნებ მაპოვნინო ქართველი ქალი, ხელს მოვაწერ და მოქალაქეობის მიღების შანსი მექნებაო... აქამდე ამ საქმეს მოლდაველებთან ვაგვარებდით, მაგრამ ისინი 10.000 დოლარს ითხოვდნენ. ახლა ამბობენ, საქართველოს გავლით ევროპაში მოხვედრის იაფი გზა გამოჩნდაო. თურქებმა კარგად იციან, როგორ უჭირთ საქართველოში და ფიქრობენ, რომ ქართველი ქალის მოძებნა არ გაუჭირდებათ. მე უარი ვუთხარი, ამ საქმის შუამავლად ვერ გამოვდგები-მეთქი, მაგრამ აქ იმდენი ქართველი ქალი მუშაობს, მიზანს მიაღწევენ.
- რა თანხას სთავაზობენ ქალებს?
- ერთმა მითხრა, ხელმოწერამდე 200 დოლარს გადავუხდი, შემდეგ კი, როდესაც პასპორტს ავიღებ, 2.000 დოლარს მივცემო. მითხრა, რომ ეს თანხა გადაიხადა ერთმა თურქმაც, თუმცა ევროპის გამო კი არა, ბათუმში ბინის შეძენა უნდოდა.
მას შემდეგ, რაც თურქეთსა და ევროპას შორის ურთიერთობა დაიძაბა, თურქეთის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ და ძალიან რთულად აძლევენ თანხმობასევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე. არიან ისეთებიც, ვინც დარღვევის, ქურდობის ან სხვა მიზეზის გამო ქვეყნიდან გააძევეს. თურქები მიჩვეული არიან, რომ წლების განმავლობაში ქართველი ქალები თურქ მამაკაცებთან ხელის მოწერას ცდილობდნენ, რათა წლების შემდეგ თურქეთის პენსია აეღოთ...
არსებობს ევროპაში მოხვედრის კიდევ ერთი გზა - აფხაზური პასპორტის აღება... წლებია, თურქებს აფხაზეთში ბიზნესი აქვთ და იქაურ კანონმდებლობაშიც კარგად ერკვევიან... ეტყობა, გარკვეულ ინფორმაციას უკვე ფლობენ - რუსეთში ჩავლენ და შემდეგ ფსოუს საზღვრიდან აფხაზეთში შემოვლენ, ერთხანს გაჩერდებიან, შემდეგ კი 250 დოლარად ერთ კვირაში აფხაზურ პასპორტს აიღებენ (როგორც ცნობილია, უვიზო რეჟიმით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებნიც შეძლებენ სარგებლობას, მათ შორის ცხინვალის რეგიონიდანაც). აფხაზური პასპორტის აღების შემდეგ, ისინი ქართულ მხარეს მიმართავენ, რათა საქართველოს პასპორტი მიიღონ. ეს კი ევროპულ ქვეყნებში მოსახვედრი გზაა.
ჩვენ დავინტერესდით, შერეული ოჯახის შემთხვევაში, რამდენ ხანში ეძლევა უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა. ამის გასარკვევად სახელმწიფო განვითარების სერვისების ცენტრს მივმართეთ. მათი ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვმართოს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე და მნიშვნელობა არა აქვს, არის თუ არა ეს პირი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებაში. მოქალაქეობის მიღება ყველაზე სწრაფად შესაძლებელია 30 კალენდარულ დღეში და ამის საფასური 500 ლარია.
ნინო ცხოიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "დიასპორის ცენტრი საქართველოში" თანათავმჯდომარე: - თურქი კაცების ქართველ ქალებთან ხელმოწერისა და ამ გზით ევროპაში გასვლის ლოგიკური საფუძველი არსებობს, რადგან თურქებს ბოლო დროს ევროპაში შესვლაზე პრობლემები ექმნებათ... ადრეულ წლებში მსმენია ქართულ-თურქული ოჯახების შექმნის შესახებ, ზოგჯერ ეს ჩვეულებრივი შეუღლება იყო, ზოგჯერ - ფიქციური, კომერციული ან სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. ხშირად ამის წინა პირობა ქართველი ქალებისთვის თურქეთში მუშაობაზე შეზღუდვის მოხსნა იყო, თავის მხრივ, ეს თურქებს საქართველოში ბიზნესის წარმოებას უადვილებდა. ასე რომ, ეს ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იყო.
იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 10 აპრილის ნომერში