გარემოვაჭრეებისგან თბილისის ქუჩების გათავისუფლების ახალი ტალღა მერიამ 19 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია მეტრო "მარჯანიშვილის", ვაგზლის მოედნის, ბარათაშვილის ქუჩისა და კოლმეურნეობის მოედნის, ასევე მეტრო "დელისის" მიმდებარე ტერიტორიები.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, აღდგომის შემდეგ კი მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაც მთლიანად გათავისუფლდება. როგორც თავად გარემოვაჭრეებმა "მთელ კვირასთან" განაცხადეს, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე დადიოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ 16 აპრილის შემდეგ მათ გარეთ საქონლის გაყიდვის უფლება აღარ ექნებოდათ.
ამ პროცესების ფონზე კი დედაქალაქში ახალი ტენდენცია შეიმჩნევა - თბილისში მოსიარულე მოვაჭრეები გამოჩნდნენ და მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ისინი ერთ ადგილას დგომისა და ვაჭრობის ნაცვლად, ქუჩებში დადიან და გასაყიდი საქონელი თან დააქვთ. სავარაუდოდ, ესენი სწორედ ის გარემოვაჭრეები არიან, რომლებიც აქამდე იმ ადგილებში იდგნენ და ვაჭრობდნენ, რომლებიც უკვე გათავისუფლებულია გარემოვაჭრეებისაგან.
გარემოვაჭრეებისგან თბილისის ქუჩების გათავისუფლების მცდელობა პირველი არ არის. მსგავსი პროცესი 2006 წლიდან ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ დაიწყო და, აქედან მოყოლებული, ქალაქის ხელისუფლება პერიოდულად ცდილობდა, გარე ვაჭრობა აღეკვეთა, თუმცა უშედეგოდ -იწყებოდა საპროტესტო ტალღის აგორება, იმართებოდა აქციები, რომლებიც ხშირად თვეზე მეტიც გრძელდებოდა, საბოლოოდ კი გარემოვაჭრეები თბილისის ქუჩებში ბრუნდებოდნენ.
აქციები ამჟამადაც იმართება. ვაგზლის მოედანზე, წერეთელსა და მეტრო "მარჯანიშვილთან" გარე ვაჭრობის აღკვეთის შემდეგ მოვაჭრეებმა პროტესტი ჯერ თბილისის მერიასთან, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან გამოთქვეს.
ისინი გარე ვაჭრობის დაკანონებასა და ისეთი კანონის მიღებას ითხოვენ, რომელიც გარე ვაჭრობის ცივილიზებულ ფორმას უზრუნველყოფს.
გასულ პარასკევს თბილისში გამართულ მსგავს აქციაზე "დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მან აღნიშნული კანონპროექტი 2011 წელს მოამზადა, პარლამენტმა ერთი მოსმენით მიიიღო, თუმცა ახლა, მისი თქმით, დაუსაბუთებლად არის შეჩერებული.
გარე მოვაჭრეთა ნაწილი შემდეგი აქციის გამართვას სამშაბათს საკრებულოსთან გეგმავს. თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად ხელისუფლება უკან დახევასა და დედაქალაქში გარე ვაჭრობის საბოლოოდ და სრულად აკრძალვის გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.
მერიის ზედამხედველობის სამსახური ქუჩების გაწმენდას გარე მოვაჭრეებისაგან ეტაპობრივად აგრძელებს. მეტრო "მარჯანიშვილის", წერეთლისა და ვაგზლის მოედნის შემდეგ გასულ კვირას საკუთარი ნებით, პროტესტის გარეშე აიღეს დახლები და შეწყვიტეს ვაჭრობა მეტრო "დელისის" მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გარემოვაჭრეებმა.
შემდეგი ადგილი, სადაც ეს პროცესი გაგრძელდება, გლდანი, კონკრეტულად კი მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაა. "მთელი კვირის" ინფორმაციით, იქ მყოფი გარე მოვაჭრეები მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გასულ კვირას ოფიციალურად გააფრთხილეს, რომ აღდგომის შემდეგ, 17 აპრილისათვის ადგილი უნდა გაათავისუფლონ და ქუჩაში ვაჭრობა შეწყვიტონ.
მოვაჭრეთა ნაწილისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, მერია მსგავსი საქციელით, პრაქტიკულად, მშიერს ტოვებს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რადგან თითოეული გარემოვაჭრის უკან ოჯახია, რომლის ერთადერთი საარსებო წყარო სწორედ მათ მიერ გაყიდული პროდუქციიდან მიღებული მცირე მოგებაა.
მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეების მიერ მთლიანად არის დაკავებული. აქ თითქმის ყველაფრის ნახვა და შეძენაა შესძლებელი, ტანსაცმლიდან დაწყებული, საკვები პროდუქტით დამთავრებული. თუმცა, როგორც გარე მოვაჭრეებმა გვითხრეს, ბოლო დღეების განმავლობაში ტერიტორია კიდევ უფრო გაფართოვდა, რადგან სადგურის მოედნიდან აყრილმა გარე მოვაჭრეების ნაწილმა სწორედ იქ გადაინაცვლა.
ამასთან, დაიწყო ე. წ. მოსიარულე ვაჭრობა. მაგალითად, შარვლები, მაისურები და სხვა ტიპის ტანსაცმელი გლდანში შეგიძლიათ, არა ადგილზე მსხდომი, არამედ მოსიარულე გარემოვაჭრეებისაგან შეიძინოთ. მათი მოძრაობის არეალი კი საკმაოდ ფართოა - მეტროდან დაწყებული, საცხოვრებელი უბნებით დამთავრებული. დადიან ყველგან, სადაც ხალხმრავლობა შეინიშნება.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გარე ვაჭრობა ფორმას იცვლის და საბოლოოდ რა სახეს მიიღებს, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარემოვაჭრეების ბაზარში შესვლით კმაყოფილნი ბაზრის მოვაჭრეებიც არ არიან. როგორც ჩვენ გვითხრეს, გარემოვაჭრეების ნაწილმა სცადა, ბაზარში არსებული თავისუფალი ტერიტორია წინასწარ დაეკავებინა, თუმცა ამას გარკვეული სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა დამხვდურებთან.
აღსანიშნავია, რომ "ბაზრობების ასოციაცია" მზადყოფნას გამოთქვამს, შეღავათიანი პირობებით 6 თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული.
ე. წ. გარემოვაჭრეებისთვის შეთავაზებული რეალიზაციის ობიექტები მოიცავს რკინიგზის სადგურის, "დინამოსა" და მეტრო "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიებს. ასევე, ძველი "დეზერტირების ბაზრის" ადგილას აშენებული ახალი ბაზრის, ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორიებს და სხვა. გამოყოფილი ადგილების საერთო რაოდენობა 4 000-ს შეადგენს, რაც, ასოციაციის წარმომადგენელთა თქმით, საკმარისი უნდა იყოს გარემოვაჭრეთა ადგილებით დაკმაყოფილებისთვის.
როგორც თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, თბილისი საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეს გარემოვაჭრეებისგან, თუმცა რომელი ლოკაცია როდის გათავისუფლდება, მათი თქმით, ამის შესახებ ზუსტად ცნობილი არ არის.
"მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები რჩებიან ადგილზე და გარემოვაჭრეებს საშუალებას არ აძლევენ, ერთხელ გასუფთავებულ ტერიტორიაზე ისევ გამოვიდნენ. ასეთი მაგალითი იყო მეტრო "მარჯანიშვილთან", როდესაც ტერიტორიის დალაგების შემდგომ მოვაჭრეები შეეცადნენ, ისევ დამდგარიყვნენ ადგილზე, თუმცა ზედამხედველობის სამსახურმა მათ ამის ნება არ მისცა", - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
კითხვაზე, როდემდე იქნებიან ზედამხედვლეობის სამსახურის წარმომადგენლები ტერიტორიაზე და რა სანქციები იქნება დაკისრებული გარე ვაჭრობისთვის, თუკი ისინი ისევ გამოვლენ, გვპასუხობენ, რომ "ზედამხედვლეობის სამსახურის წარმომადგენლები გასუფთავებულ ტერიტორიებზე პროცესის დასრულებამდე იქნებიან მობილიზებული. პროცესის შემდგომი ნაბიჯები კი მისი დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი."
შეგახსენებთ, რომ გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე კანონით აკრძალული ქმედებაა და ამისთვის გარკვეული ადმინისტრაციული ჯარიმებია დაწესებული.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გამოიწვევს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობითა და საგნის ჩამორთმევით.
იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
გვანცა ღვედაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"