სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხზე, საკონსტიტუციო კომისიის წევრები ისევ ვერ თანხმდებიან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე ინიციატივა არსებობს. მათ შორის, "ქართული ოცნების", "დემოკრატიული მოძრაობისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წინადადებები. მათი კანონპროექტების მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უნდა აიკრძალოს. მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით, ქართულ პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე მიყიდვა ყოვლად დაუშვებელია, ნაწილი კი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ისეთი ქვეყნები, რომლებსაც სახნავ-სათესი მიწების რესურსი აქვთ. ყველა განვითარებული ქვეყანა, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი აქვს, უმკაცრესად აკონტროლებს მისი ყიდვა-გაყიდვის საკითხებს. მიწის გაყიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებით, მსოფლიოში არსებობს 2 მიდგომა: ერთი, როდესაც სახელმწიფო საერთოდ კრძალავს თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ასეთი მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია ლიტვა, სადაც კონსტიტუციით არის აკრძალული სახნავ-სათესი მიწების გასხვისება. არსებობს მეორე მიდგომა, როდესაც სახელმწიფო აწესებს პირობებს, რაც უნდა დააკმაყოფილონ მიწის შეძენის მსურველმა უცხოელებმა. მაგალითად, ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეული მიწების კანონებით და სპეციალური ნებართვის მეშვეობით.
"სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების და არგასხვისების საკითხი კონსტიტუციის საქმე არ არის. ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს ორგანულმა კანონმა, რომელსაც ჰქვია მიწის კოდექსი. გამოსავალი უნდა იყოს ის, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება განუსაზღვრელი რაოდენობით არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება უცხოელებზე თუ მოხდება, მხოლოდ იმ პირობით, თუ იარსებებს აუცილებელი საჯარო და სახელმწიფო სტრატეგიული აუცილებლობა. მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მიწას არ ყიდიან, რადგან ეს დაუშვებელი და აკრძალულია. დიდი ხანია, რაც განვითარებულმა ქვეყნებმა და დიდმა საერთაშორისო კვლევითმა ცენტრებმა კარგად იციან, რომ ასეთი უცხოური ინვესტიციები ანადგურებენ და აჩანაგებენ საშუალო, ღარიბ და მცირე მიწიან ფერმერობას", - განაცხადა ექსპერტმა სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია უპირველეს ყოვლისა სოფელს აღვუდგინოთ სამართლებრივი სტატუსი და გადავაქციოთ ტერიტორიულ ერთეულად. თემის ჩართულობას სოფლის განვითარებაში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასოფლო სამეურნეო კოპერატივებისათვის მიწის შესყიდვის უპირატესი უფლება უნდა იყოს და, რაც მთავარია, საქართვლეოს მთავრობა უნდა გადავიდეს პროგრამულ დაფინანსებაზე.
რაც შეეხება უცხოელებზე მიწის გასხვისებას, ჩვენ იძულებულნი ვართ ეს დავუშვათ კოდექსის მეშვეობით, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გაუმართლებელია და რაც არცერთ ქვეყანას არასდროს არ მიუღია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკულად, გააყალბა საქართველოს კონსტიტუცია, თითქოს საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებდეს მას უცხოელებზე მიწის გასხვისებას.
"იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი მიწას იყიდის, ეს უნდა იყოს მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისამებრ და უნდა მოიყვანოს ის პროდუქცია, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებთან. მაღალ დემოკრატიული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირ უწერია, რომ მიწის საკითხის მინდობა თავისუფალი ძალების განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული ინდივიდების მოსაზრებებისაგან ყოვლად დაუშვებელი და აკრძალულია", - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.
გაზეთ "ბანკები და ფინანსებთან" საუბრისას, სოციალური წონასწორობის ცენტრის პრეზიდენტმა ოთარ ხუფენიამ განაცხადა, რომ მიწა ერთ თაობას არ ეკუთვნის და უაზროდ, უმიზნოდ და გაუმართლებლად დაბალ ფასში მისი გაყიდვა არ შეიძლება.
"რეალურ ფასად რომ გაიყიდოს ჩვენი სასოფლო სამეურნეო მიწები, ამისათვის საჭიროა კარგად გვქონდეს დანერგილი საბაზრო ინსტიტუციები ჩვენს ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არც ბირჟა გვაქვს, სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვა შეუძლებელია. მიუხედავად ყველაფრისა თავისუფალი ეკონომიკის პირობებში ჩვენ ვერ ავცდებით სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას, მაგრამ აქ უნდა დავეყრდნოთ იმ გამოცდილებას, რომელიც არის მსოფლიოში. უამრავი ქვეყანაა, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით უმკაცრესი რეგულაციებია", - აცხადებს ოთარ ხუფენია.
უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიამ, რომელიც არ ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს, თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის გარკვეული რეგულაცია საჭიროა.
"ჩვენი პოზიცია გახლავთ იმაში, რომ მიწა, როგორც ძირითადი აქტივი, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული ეკონომიკურ აქტივობაში. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს სხვადასხვა მიდგომები: ცოტა მკაცრი, უფრო ლიბერალური, მემარცხენე, მემარჯვენე და ა. შ. ჩემი მიდგომაა, რომ მიწა, როგორც რესურსი, ეკონომიკურ აქტივობაში უნდა იყოს მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენებული. მაშინაც, როცა შეზღუდვა მოქმედებდა, არსებობდა გარკვეული ინსტრუმენტები და მთავრობას ჰქონდა დისკრეცია, უცხოური მფლობელობისთვისაც ნებართვები მიეცა მაშინ, როცა ეკონომიკურად მიზანშეწონილობის არგუმენტს დაინახავდა. მე ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება", - განაცხადა გახარიამ.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების მდივანი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის გასხვისებისას შეზღუდვები დაწესდება:
"მიმაჩნია, რომ უცხოელებზე მიწები არ უნდა გასხვისდეს, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლისის სახით, როდესაც სარგებელი გასხვისების შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მასზე უარის თქმა არაგონივრული იქნება. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უცხოელებზე მიწების გასხვისება დაუშვებელია, რადგან ჩვენ ჯერ არ ამოგვიწურავს ჩვენი მიწის პოტენციალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბევრი გვაქვს ჩვენთვის სოფლის მეურნების მიმართულებით გასაკეთებელი".
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, იგი საკონსტიტუციო პროექტის ბოლო ვერსიას არ იცნობს, თუმცა მიწების უცხოელების გასხვისების საკითხზე ჩანაწერის პათოსი იცის.
"მე როგორც ინფორმირებული ვარ, ჩანაწერი დაახლოებით იმ სახის არის, რომ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გასხვისება, მაგრამ ეს გამონაკლისიც ძალიან შეზღუდული იქნება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში მესამე რაუნდით გათვალისწინებული შეხვედრები მიმდინარე თვის შუა რიცხვებში იგეგმება. ამ პერიოდში კომისია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს წარმოადგენს.
ლევან ლაგვილავა
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"