მიწის უცხოელებზე გასხვისების ძირითადი მოტივაცია არის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა.
"აგრო სოლუშენსის" (AGSO) საკონსულტაციო ჯგუფი მიიჩნევს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის კონკრეტული კრიტერიუმები არის განსასაზღვრი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დღეისათვის უცხოელი მიწას ხშირ შემთხვევაში იმ მიზნით ყიდულობს, რომ საქართველოში ცხოვრების უფლება მიიღოს. ამიტომ, მათ მიერ შეძენილი არაერთი მიწა დაუმუშავებელია.
"იქნებ სჯობდეს კანონმდებლობაში ავსახოთ, რომ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობა, არ იყოს, გარკვეული ტიპის გარანტია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, ცხოვრების უფლება მიიღოს ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებენ საკონსულტაციო კომპანიაში, სადაც მიიჩნევენ, რომ საკითხის გადაწყვეტისთვის გასათვალისწინებელია უცხოური ინვესტიციების დიდი როლი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ისიც, რომ სოფლის მეურნეობამ ამ მიმართულებით შეიძლება დიდი როლი შეასრულოს.
"თუ ჩვენთვის ინვესტიციები არის მნიშვნელოვანი, მაშინ ვუთხრათ ინვესტორებს, რომ თუ მათ სურთ ჩვენ ქვეყანაში მიწის ყიდვა, ამ მიწაზე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც აიღონ. იქნებ ჯობდეს ამ მიმართულებით ვიმუშაოთ და განვსაზღვროთ კონკრეტული საჰექტრო საინვესტიციო მოცულობა. საქართველოში მოქალაქეებსაც და უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც ექნებათ ინფორმაცია, რომ თუ უცხოელი იყიდის მიწას, ე. ი. ის აუცილებლად დებს ინვესტიციას და ის მიწა დაუმუშავებელი არ იქნება. აისახოს ეს ვალდებულება შემოსავლების სამსახურში და გაკონტროლდეს პროგრამულად. არ განახორციელებს ინვესტიციას? - დავაჯარიმოთ. არ გადაიხდის ჯარიმას? - ჩამოვართვათ და აუქციონზე გავყიდოთ. აქვე შეიძლება საჰექტრო საინვესტიციო მოცულობა შევამციროთ. თუ უცხოელი იყიდის გასაკულტურებელ მიწას -დაჭაობებულს, დამეწყრილს და ა. შ." - აცხადებენ "აგრო სოლუშენსში". ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობით გაწერილი კონკრეტული კრიტერიუმებით უნდა მიეცეს საჯარო რეესტრს მიწის უცხოელზე რეგისტრაციის უფლება. ამასთან, თუ ამ გადაწყვეტილებას რომელიმე სამინისტრო ან ჯგუფი მიიღებს, აღნიშნული გარემოება კორუფციული გარიგების საფრთხეს ქმნის.
"მთავარი არსი, რატომაც მიწის მიყიდვის უფლება უნდა მიეცეს უცხოელს, არის ინვესტიციის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოვა ახალი ტექნოლოგიების ცოდნა, მოხდება მიწების გაკულტურება, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, შეიქმნება დოვლათი. მოკლედ, ბევრი ბენეფიტი აქვს ინვესტიციებს.
აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენი მიზანი ინვესტიციების დიდი ოდენობით შემოსვლაა, იქნებ ჯობდეს მცირე ზომის მიწების ყიდვის უფლება საერთოდ ავუკრძალოთ უცხოელებს და მხოლოდ დიდი ფართობების ყიდვის უფლება მივანიჭოთ, რათა ინვესტიცია მოცულობითი იყოს. მცირე ფართობების მიყიდვის აკრძალვას შეიძლება რამდენიმე დადებითი მხარე ჰქონდეს. პირველი, რაც უფრო დიდ მიწას იყიდის, მით უფრო დიდი ინვესტიციის ჩადების ვალდებულება ექნება. მეორე, მცირე ბიუჯეტიანი უცხოელი ვერ იყიდის საქართველოში მიწას, შესაბამისად, მხოლოდ ისინი შეძლებენ მიწის ყიდვას, ვისაც დიდი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა აქვთ. ამით ჩვენი ქვყანა მხოლოდ მოიგებს", - მიიჩნევენ ანალიტიკოსები, საკითხის სენსიტიურობაზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ უარი არ უნდა თქვას ინვესტიციებზე, თუმცა პარალელურად საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს.
ლაშა ბასლანძე
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"