დავით ასლანიშვილი - საბანკო ოლიგოპოლია – ინფლაციის მთავარი მიზეზი

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ინფლაციაზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

'გასულ კვირას სტატისტიკის სამსახურმა გაავრცელა ინფლაციის ახალი მონაცემები, რომლის მიხედვით წლიურმა ინფლაციამ გასულ თვეში (ე.ი. მარტი 2016 – მარტი 2017) შეადგინა 5.4% (თებერვალში: 5.5%).

საქართველოს ეროვნული ბანკი პირდაპირ არის პასუხისმგებელი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელის შენარჩუნებაზე, რაც 2017 წლისთვის 4% წლიურ სამიზნეს წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი დაუსახა მან მიზნად საკუთარ თავს, მაშინ როცა გასულ 2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 5% –ზე იყო განსაზღვრული.

ამასთან, ჩემი აზრით, შეუსაბამოდ ჟღერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბატონ კობა გვენეტაძის განმარტება, რომ ეროვნულ ბანკს აქვს მოლოდინი, რომ 2017 წლის განმავლობაში ფაქტიური ინფლაცია გადააჭარბებს თარგეთის მაჩვენებელს, ოღონდ მას ექნება ფისკალური მიზეზები, მაგრამ არა ფულად–საკრედიტო და სავალუტო მიზეზები.

დიახ, აქციზის გაზრდას უსიტყვოდ ჰქონდა ერთჯერადი ინფლაციური ეფექტი (ე.წ. მიწოდების ინფლაცია), მაგრამ საქართველოს მთავრობას არ განუხორციელებია აქციზის საყოველთაო გაზრდა, ხოლო იმ პროდუქტებზე, რომლებზეც აქციზი მიზანმიმართულად გაიზარდა, საქართველოში აქციზის მაჩვენებელი 2–ჯერ ნაკლებია საშუალო–ევროპულ დონეზე.

მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე განთავსებული სტატისტიკიდან გამომდინარეობს და რომელსაც თავი მოვუყარე თანდართულ ცხრილში, მსურს ავხსნა, რომ ბოლო თვეებში წლიური ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებს აქვს უპირველესად მრავალჯერადად მონეტარული (ე.ი. ფულად–საკრედიტო და სავალუტო) მიზეზები, ხოლო ფისკალური მიზეზი (ე.ი. აქციზური გადასახადის გაზრდა) იყო უმნიშვნელო და ჰქონდა მხოლოდ ერთჯერადი მიზეზი.

––––––––––------------––––

ცხრილში საბაზისო პერიოდად აღებულია 2016 წლის მარტი, და მასთან ხდება მომდევნო თვეების შედარება და მათ შორის 2017 წლის მარტის (ე.ი. წლიური ცვლილება) მონაცემებს შემდეგი პარამეტრებისათვის:

– რეფინანსირების მოცულობა, ე.ი. ბანკების მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის მაჩვენებელი, რომელსაც კომერციული ბანკები იღებენ ეროვნული ბანკისგან. რეფინანსირების მოცულობას შეესაბამება ბანკების წმინდა დავალიანება, რომელსაც ეროვნული ბანკი ყოველი აუქციონის წინ ანგარიშობს. მაგალითად, რეფინანსირების მოცულობა ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა 630 მლნ–დან 1.58 მლრდ–მდე, ანუ წლიური ზრდა შეადგენს 150%, ანუ 2,5–ჯერ მეტი.

– სარეზერვო ფული, ე.ი. ეროვნული ბანკის მიერ კონტროლირებადი ფულის მასის აგრეგატი, რომლის ცვლილება შეესაბამება ლიკვიდობის ანუ ფულზე მოთხოვნის (მათ შორის, ნაღდ ფულზე) ცვლილებას და საბოლოო ჯამში ფასების ცვლილების ანუ ინფლაციის მაჩვენებელს. მაგალითად, სარეზერვო ფულის აგრეგატი ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა 4.5 მლრდ–დან 5.9–მლრდ–მდე, ე.ი. 1,3–ჯერ ანუ 30%–თ.. სწორედ ამ 30%–შია ინფლაციის ფაქტიური 5–6% მაჩვენებელი, რომელიც თავის მხრივ ეროვნული ბანკის 4% თარგეთს აღემატება.

– ნაღდი ფული, რომელიც მონეტარული არხების, ე.ი. ეროვნული ბანკისგან კომერციული ბანკების საშუალებით მიეწოდება ეკონომიკას. მიუხედავად იმისა, რომ სარეზერვო ფული მოიცავს ნაღდი ფულის მასას, მაინც საჭიროდ ჩავთვალე ნაღდი ფულის დინამიკაზე დაკვირვება, რადგან ეროვნული ბანკის განმარტებით, რეფინანსირებაზე მოთხოვნა კომერციულ ბანკებს სხვა მიზეზებთან ერთად ნაღდი ფულის გამოც შეიძლება წარმოექმნათ. მაგალითად, ნაღდი ფული ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა 2,3 მლრდ–დან 2,7 მლრდ–მდე, ე.ი. 1,2–ჯერ, ანუ 20%.

–ბიუჯეტის ხარჯები, რომელიც მოიცავს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ყველა სახის გასავლებს როგორც სახელმწიფო მოხმარებაზე, ისე სახელმწიფო ინვესტიცებზე და აგრეთვე, ვალზე მომსახურებაზე. პოტენციურად, ბიუჯეტის არათანაბარზომიერ ხარჯვას შეუძლია მთლიანი მოთხოვნის ზრდის გამო გავლენა მოახდინოს როგორც ფასების დონეზე, ისე გაცვლით კურსზე. ამასთან როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა კომერციულ ბანკებს შეიძლება წარმოეშვათ სწორედ სამთავრობო ოპერაციების გამო.

–მეტი თვალსაჩინოებისათვის, ბოლო სვეტში დაჯამებულია ბიუჯეტის სალდო, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ საკვლევ პერიოდში (ე.ი. მარტი–2016 vs მარტი–2017) წლიური სხვაობა ბიუჯეტის შემოსავლებსა და გასავლებს შორის არის დადებითი, ანუ ამჟამად ბიუჯეტი არის დე ფაქტო პროფიციტული. ე.ი. სახელმწიფო არ ხარჯავს ნაშთებიდან და სამთავრობო ოპერაციების გამო, შეიძლება სრულად არა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი რეფინანსირებაზე მოთხოვნის წარმოქმნა.

2016 წელში რეფინანსირებაზე მოთხოვნა მართლაც მნიშვნელოვნად განპირობებული იყო სამთავრობო ოპერაციებით, რადგან ხაზინის ოპერატიული ნაშთი, განსაკუთრებით 2016 წლის პირველ კვარტალში ხანდახან 200 მილიონიც აღარ იყო. დღევანდელი მონაცემებით ხაზინის ნაშთი შეადგენს 1,040 მლრდ, ანუ 5–ჯერ მეტს.

შესაბამისად, ბიუჯეტის მონეტარული დაფინანსება საქართველოსთვის ისტორიულად მინიმალურ დონემდეა შემცირებული, რის გამოც 2016 წლისგან განსხვავებით, ფისკალური მიზეზებით რეფინანსირების გაზრდის არგუმენტი გამორიცხულია.

––––---------–––––––––––

ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის მიზეზად აქციზის დასახელება არის ყურით მოთრეული არგუმენტი, რომელიც არის მეორეხარისხოვანი და უმნიშვნელოა ინფლაციის იმ მთავარ მიზეზთან შედარებით, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საბანკო ოლიგოპოლიით გამოწვეული რეფინანსირების მოცულობის გაორმაგებას უკავშირდება, ხოლო ეს თავის მხრივ ხელშეწყობილია ეროვნული ბანკის მიერ.

– საბანკო ოლიგოპოლია ნიშნავს, რომ მომხმარებლებს აქვთ დანაზოგის განთავსების ერთადერთი ალტერნატივა ანაბრის სახით. სამაგიეროდ, საბანკო ოლიგოპოლიას ხელ–ფეხი აქვს გახსნილი, რომ მეანაბრეთა ფული დიდი მოგებით განათავსონ უპირველესად საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში, და აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოს ობლიგაციებში. ამაზე ეროვნული ბანკი არა მხოლოდ თვალს ხუჭავს, არამედ უშუალო ხელისშემწყობია.

მეტიც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბატონმა კობა გვენეტაძემ დამცინავად გვითხრა ერთი თვის წინ მოსახლეობას, რომ თურმე ჩვენც შეგიძლია საბანკო ოლიგოპოლიისგან შევიძინოთ სახ. ობლიგაციები – ოღონდ, არაკონკურენტულ გარემოშიო !!! (ცინიზმის მწვერვალი!!!) .. მაშინ, როცა საბანკო ოლიგოპოლიამ თავის მხრივ საკმაოდ კონკურენტულ გარემოში და მომგებიანად შეიძინა და იძენს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ აუქციონებზე.

ეროვნულ ბანკს მონეტარულ პოლტიკაში აქვს სერიოზული ჩავარდნები, მაგრამ ამის გამოსწორების ნაცვლად ითავსებს სახაზინო სახლის ფუნქციას, რათა საბანკო ოლიგოპოლიას ხელი არავინ შეუშალოს.

– საბანკო ოლიგოპოლია ნიშნავს, რომ კლიენტების საკრედიტო განაცხადების ერთადერთი ადრესატი თავად საბანკო ოლიგოპოლიაა. ბიზნესი მოკლებულია ფინანსური რესურსების მოზიდვის სხვა გზას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლის მცირე და განსაკუთრებით საშუალო ბიზნესის განვითარებას, ხოლო მსხვილი ბიზნესი საბანკო ოლიგოპოლიის პირობებში იხვეჭს შეუზღუდავ ზეგავლენას სავალუტო და ფულად–საკრედიტო ბაზრებზე.

–საბანკო ოლიგოპლია ნიშნავს, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს უჭირთ ეროვნულ ბაზარზე შემოსვლა – ვინც იყო, მანაც ქუდი დაიხურა, ხოლო მათ შედარებით იაფ ფინანსურ რესურსზე საქართველოს ეკონომიკას წვდომა აქვს მხოლოდ საბანკო ოლიგოპოლიის გავლით საკმაოდ ძვირ პირობებში.

უმოქმედო და არაფრის მაქნისია ე.წ. ბანკების ასოციაცია, რომლისგანაც 2008–2012 წლებში გვახსოვს, თუ როგორ მიატოვა საკუთარი ორგანიზაციის წევრებიც (პროგრესბანკი, ქართუბანკი, სტანდარტბანკი, სახალხო ბანკი) კი სახელმწიფო ძალადობის წინაშე, რითაც ფაქტიურად გზა გაუხსნა საბანკო ოლიგოპოლიას.

საქართველოს ეროვნული ბანკი არ ასრულებს სახელმწიფოს წარმომადგენელის როლს ფინანსურ ბაზრებზე, არამედ ის არის საბანკო ოლიგოპოლიის გარანტი სახელმწიფოსთან. მეტიც, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბატონი კობა გვენეტაძე და ეროვნული ბანკის საბჭოს სხვა წევრები თავად ასრულებს წამყვან როლს საბანკო ოლიგოპოლიის რეკლამირების პროცესში.

ფინანსურ სექტორში აუცილებელია საბანკო სისტემის დეოლიგოპოლიზაცია და ამ მიზნით ეროვნული ბანკის რეფორმირება. ჩემი აზრით, დღევანდელ ეროვნულ ბანკს არ გააჩნია კომპლექსური ხედვა თავის როლზე ეკონომიკურ პოლიტიკაში, მისი ქმედებები არის ფრაგმენტული, უკეთეს შემთხვევაში დაგვიანებული, ხოლო უარეს შემთხვევაში არათანმიმდევრული და უშედეგო.

უკანასკნელ თვეებში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი უპირველესად ჯერ კიდევ 2016 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბატონ კობა გვენეტაძის მიერ განხორციელებული სავალუტო და ფულად–საკრედიტო მიზეზებით არის გამოწვეული (რეფინანსირებით გაზრდილი ლარის რაოდენობა და ინტერვენციებით ქვეყნიდან გასული აშშ დოლარი).

ყოველივე ამის გამო, ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ პირველ რიგში განიხილოს ეროვნული ბანკის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

ამასთან, საჭიროა სავალუტო ფონდთან კონსულტაციები იმის მკაფიოდ განმარტებით, რომ ეროვნული ბანკის რეფორმირება ეხლავე უნდა დაიწყოს, რომლის განმავლობაში, დღევანდელი გადასახედიდან მეგარეგულატორის ფუნქციის მისთვის დაბრუნება ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს (მაგალითად, 2008–2009 წლებში, როცა საქართველოს სავალუტო ფონდის 700-მილიონიან დახმარებას იღებდა, ზედამხედველობა გატანილი იყო ეროვნული ბანკის სტრუქტურებიდან)bpn