დავით სერგეენკო - 600 000-მდე სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერი 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებს

საქართველოში მცხოვრები 600 000-მდე ადამიანი, ძირითადად, სოციალურად დაუცველები და მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ენდოკრინოლოგიური დაავადებები და ბრონქეალური ასთმა აწუხებთ, 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ , - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ხანგრძლივად, ან ცხოვრების ბოლომდე ესაჭიროებათ.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არის ამბულატორულ მედიკამენტებზე წვდომა. საუბარია მედიკამენტებზე, რომლებიც ადამიანებმა ხანგრძლივად ან მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღონ სამედიცინო დაწესებულების გარეთ.

ძალიან მალე ამოქმედდება კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს პირველ ეტაპზე, 4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების მიწოდებას. მათ შორის, საუბარია გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონალული სისხლძარღვების დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებების (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები) და ბრონქეალური ასთმისა და ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებზე.

რაც შეეხება ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში. პროგრამა განხორციელდება შემდეგნაირად: სახელმწიფო აცხადებს სახელმწიფო შესყიდვას; აწესებს ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სტანდარტს, რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის ხარისხის კონტროლის სერთიფიკატი ამა თუ იმ მედიკამენტებისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე განმარტებით, ლაბორატორიულ კონტროლი პირველ ეტაპზე განხორციელდება უცხოურ ლაბორატორიებში გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს.

„გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და პირობები იქნება თანაბარი, როგორც საქართველოს ფარმაცევტული კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო კომპანიებისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, აქამდე თუ პენსიონერი თვეში 20-30 ლარის მედიკამენტების შესყიდვას საჭიროებდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ, მათ ეს სიმბოლური თანაგადახდით მაქსიმუმ, თვეში 1 ლარი დაუჯდებათ.

დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციებისა და წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა.