1987 წლის 2 აპრილს საბჭოთა საქართველოში დავიბადე. რეჟიმის გადამკიდე, მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობას ევროპაზე "ფიქრიც" აკრძალული ჰქონდა და ალბათ არც უოცნებიათ, რომ ოდესმე, ევროპაში წავიდოდნენ, თანაც უვიზოდ.
საერთოდ, ადრე ევროპული პროდუქციის შოვნაც რთული იყო, მით უმეტეს, მაღალმთიან აჭარამდე არაფერი აღწევდა. დედაჩემს "გაუმართლა" - ნათესავმა მეზღვაურმა სპეციალურად მისთვის, რის ვაი-ვაგლახით, ევროპიდან გამოიყოლა საპატარძლო კაბა... საბჭოთა ხალხისთვის დეფიციტური და "იმპორტულ საქონელად" წოდებული ტანსაცმლის უზარმაზარი კოლექციები დედაჩემმა პირველად რამდენიმე დღის წინ, 60 წლის ასაკში, ბუდაპეშტში ნახა და ყველაზე მეტად H&M მოეწონა.
ვისაც ევროპაში ერთხელ მაინც უმოგზაურია, ალბათ ყველაზე უკეთ იცის, რა დისკომფორტს უკავშირდებოდა ვიზისთვის საბუთების შეგროვება, საკონსულოსთან რიგში დგომა (თითქმის მთელ დღეს რომ გართმევდა), ხშირ შემთხვევაში გასაუბრებაზე დაბარება და შემდეგ "განაჩენის" მოლოდინი - გაძლევდნენ თუ არა ვიზას. ამას ისიც ემატებოდა, რომ არ ღირდა გარისკვა და თვითმფრინავის ბილეთების ყიდვა, რის გამოც ხანდახან, რამდენჯერმე გადაჯავშნა იყო საჭირო, ვიდრე "საკონსულოდან თეთრი კვამლი არ ამოვიდოდა". გარდა ამისა, ვიზის ასაღებად ბათუმიდან თბილისში მიმოსვლა ცალკე დისკომფორი იყო. მოკლედ, ამ ყველაფრის გამო, დედაჩემს არასდროს უმოგზაურია, მამაჩემი კი თავის დროზე, მხოლოდ სსრკ-ს საზღვრებში დადიოდა.
2017 წლის იანვარში ჩემმა მეუღლემ მკითხა, სად და როგორ ვისურვებდი 30-ე დაბადების დღის აღნიშვნას. ბევრი არც მიფიქრია - მოგზაურობა მინდოდა. ეს ის პერიოდია, როცა უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ მარტის ბოლოდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, ამიტომაც, შევთავაზეთ მშობლებს, ერთად წავსულიყავით "ევროპებში უვიზოდ". იანვარშივე ვიყიდეთ პირველი აპრილის ქუთაისი-ბუდაპეშტის ბილეთები, ძალიან ხელმისაწვდომ ფასად - ერთი ადამიანისთვის ორივე გზა 150 ლარად (იმაზე იაფია, ვიდრე ბათუმი-თბილისის ავიარეისი).
28 მარტიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. მის ამოქმედებამდეც და შემდეგ დღეებშიც, აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია - რა საბუთები იყო საჭირო უვიზო რეჟიმის პირობებში მოგზაურობისთვის და რა შეიძლებოდა ეკითხა მებაჟეს საზღვრის გადაკვეთისას. უვიზოდ მოგზაურობის დროს საჭიროა - ბიომეტრიული პასპორტი; სამოგზაურო დაზღვევა იმდენი დღის, რამდენითაც მიდიხართ; დღიური თანხა - ნაღდი ფული მინიმუმ 50 ევრო ან საბანკო უზრუნველყოფა; უკან დასაბრუნებელი ბილეთი და სასტუმროს ჯავშანი. დამატებით ავიღე ცნობა სამსახურიდან, რაც სავალდებულო არ არის.
მოვიდა 1-ელი აპრილიც. ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში რეგისტრაციისას ქართველმა მესაზღვრეებმა პასპორტები შეამოწეს და გვკითხეს, ვიცოდით თუ არა რა საბუთები შეიძლებოდა მოეთხოვათ უნგრეთში შესვლისას. ჩასხდომამდე დრო მქონდა და მგზავრები გამოვკითხე, უვიზოდ მიდიოდნენ თუ ვიზით. ზუსტ სტატისტიკას ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების 80%-ს ჰქონდა ვიზა, დანარჩენი 20% კი პირველად მივემგზავრებოდით უვიზოდ.
დედაჩემს აფრენა და დაშვება არ მოეწონა, ცოტათი შეეშინდა და ყურებიც დაუგუბდა. 178 ადამიანი ჩავფრინდით ბუდაპეშტში, უმრავლესობა ქართველები. თვითმფრინავიდან ჩამოსულებს ავტობუსი დაგვხვდა "გეითამდე" რომ მივეყვანეთ. 50 წლამდე ქალმა, რომელიც მარტო იყო და სავარაუდოდ, პირველად მგზავრობდა, შეცბუნებულმა მკითხა, ავტობუსით რატომ მივყავართ, უკან ხომ არ გვაბრუნებენო. ავუხსენი, რომ ეს ავტობუსი მიგვიყვანდა აეროპორტში და შემდეგ გავივლიდით სასაზღვრო კონტროლს.
მგზავრების უმეტესობა, რატომღაც, ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა წინ, ჩქარობდნენ, ყველას პირველს უნდოდა გამშვებ პუნქტამდე მისვლა. ამ სიჩქარეში არც ერთი "სულსწრაფი მგზავრი" არ დააკვირდა წითელ ხაზს, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაკვეთო, როცა შენი საპასპორტო კონტროლის რიგი მოვა. უცებ მეგონა, რომ სარფის საბაჟოზე ვიყავით, სადაც მესაზღვრეს გარშემო ერთმანეთზე მიხუტებული ხალხი გამალებული ცდილობს დაასწროს გვერდით მდგომს და მებაჟეს ჩასჩაროს პასპორტი ხელში.
უნგრელმა მესაზღვრემ ძალიან თავაზიანად, ხელით ანიშნა "სულსწრაფ მგზავრებს" რომ წითელი ხაზის უკან დაეკავებინათ რიგი. დაიწყო საპასპორტო კონტროლიც. საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის, უვიზოდ მგავრობდა თუ ვიზით, მესაზღვრეებს არ დაუსვამთ არცერთი კითხვა და არ მოუთხოვიათ არანაირი საბუთი, პასპორტის გარდა.
სასტუმროში 2 საათის მერე მივედით, მიმღებში გვკითხეს, დღეს ბევრი ქართველი დავაბინავეთ და რა ხდება, რატომ ჩამოხვედითო. მეც ავუხსენი, უვიზოდ მიმოსვლა შევიდა ძალაში და სამოგზაუროდ ჩამოვიდა ხალხი-მეთქი. სასიამოვნოა, ხშირად იარეთო.
2017 წლის 2 აპრილი. ჩემი დაბადების დღე მდინარე დუნაიზე, კრუიზში აღვნიშნეთ. ცოცხალი მუსიკა და გემრიელი ვახშამი საყვარელ ადამიანებთან ძალიან სასიამოვნო იყო.
3 დღის შემდეგ დავბრუნდით საქართველოში, რეგისტრაციისას და შემდეგ თვითმფრინავში ვნახე მგზავრები, რომლებთან ერთადაც ვიფრინეთ ბუდაპეშტამდე. გამიხარდა რომ ბრუნდებოდნენ. არ მავიწყდება ის 50 წლის ქალი, რომელსაც ჩაფრენისას ავტობუსში ასვლა არ უნდოდა. მინდა, ისიც დაბრუნდეს და არ დაარღვიოს უვიზო რეჟიმის წესები.
ნინო ხოზრევანიძე, AMBEBI.GE-სთვის