საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელში ჩასვლას აპირებენ, რეკომენდაციებს გასცემს.
როგორც საქართველოში ისრაელის ელჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელის სახელმწიფოში საზღვრის კვეთის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდება და ასევე მკაცრი და ხანგრძლივი იქნება შემოწმება.
ეს პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდება მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მკაცრი და ხანგრძლივი შემოწმების პროცედურა იქნება საზღვრებზე, შესაბამისად, ჩვენი თხოვნაა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ ეს გარემოებები და მაქსიმალურად ზედმიწევნით დაიცვან ის მოთხოვნები, რაც მნიშვნელოვანია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. კერძოდ, მგზავრობის მიზნობრიობა, ფინანსური უზრუნველყოფა და მოთხოვნის შემთხვევაში მათ გარკევეული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინონ თუ სად იცხოვრებენ, რა აქვთ გამიზნული, რამდენი ხანი უნდა დარჩნენ ქვეყანაში და აქვთ თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთები”, - განაცხადა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში შესვლის შემდეგაც მომლოცველები უნდა დაემორჩილონ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც შესაძლოა, წაუყენონ სამართალდამცველებმა და იმ სასულიერო პირებმა, რომლებიც ტაძარში წესრიგს იცავენ.
“წერილობითი ინფორმაცია გავრცელდება ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენი მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ იქნას წაყენებული, როგორც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, ასევე იმ სასულიერო პირებისგან, ვინც ემსახურება ტაძარში წესრიგის დამყარებას. ნებისმიერი შეპასუხება თუ უკმაყოფილება შესაძლოა აღიქვან გარკვეულ დარღვევად და ამას მოჰყვეს მყისიერი, ადეკვატური რეაქცია. ზომები გამკაცრებულია, ჩასულია უამრავი სტუმარი და ყოველგვარი დაუმორჩილებლობა ან უკმაყოფილება, შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, რომ მოქალაქეს მოუხდეს ტაძრის დატოვება, ან იმ ტერიტორიის დატოვება, სადაც იგი იმყოფება. თუკი ჩვენი მოქალაქე დაიკარგება, მან უნდა მიმართოს პოლიციას ან საელჩო საკონსულო სამსახურს. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ მოერიდონ ე.წ. ტაძარში შესასვლელი „ბრასლეტების“ შეძენას, ხშირია შემთხვევები, როდესაც იყიდება გაყალბებული, ე.წ. ბრასლეტები”, - განაცხადა ტაბატაძემ.