გიორგი ნათენაძეს მესხური ვაზის უძველესი ჯიშების მოძიება მამამ შესთავაზა.
თავდაპირველად, იდეა რთული და უტოპიური ეჩვენა, თუმცა, ამ საქმიანობით ნელ-ნელა "მოიწამლა". საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ძველ ნასახლარებსა და ნასოფლარებში, ციხეებსა თუ ეკლესიებში მესხური ვაზის ჯიშების აღმოსაჩენად სიარული არჩია და დღეს უკვე თავისივე მოძიებული, საუკუნეების წინანდელი ჯიშებიდან ღვინის თორმეტ სახეობას აყენებს.
ჩამოსხმული ღვინო სადეგუსტაციოდ, გამოფენებზე სხვადასხვა ქვეყანაში გააქვს, სადაც მესხური ბიოღვინო უჩვეულო დაინტერესებას იწვევს.
პარალელურად, საკუთარი მხარისა და მესხური ჯიშების პოპულარიზაციის, მიგრაციის შემცირებისა და რეგიონში აგროტურიზმის განვითარების მიზნით, პარტნიორებთან ერთად, მაღალბიუჯეტიან პროექტშია ჩაბმული, რომელიც მესხეთში ისტორიული ღვინის ტერასების აღდგენას ითვალისწინებს.
- მესხეთი, სამცხე-ჯავახეთი რატომღაც, ყველასგან მივიწყებულია. ჩვენი ისტორიული სოფელი, ჭაჭკარი, ვარძიის უკან მდებარეობს. ამ სოფელში უძველესი ვაზებია შემორჩენილი. ერთ-ერთი ჩემი ვაზის ასაკი 4 საუკუნეს აღემატება. დღესაც გვაძლევს ნაყოფს და ღვინოს ვაყენებ. სოფელში 65-მდე ქვის საწნახელია შემორჩენილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძველად ადგილზე დიდი რაოდენობით ყურძენი იწურებოდა. დაწურული წვენი ტიკებში ისხმებოდა და ვარძიაში შეჰქონდათ, იქ კი ღვინოს ქვევრებში აყენებდნენ. ჭაჭა სოფელში რჩებოდა, სახელწოდება "ჭაჭის კარი", მოგვიანებით კი - "ჭაჭკარი" სწორედ აქედან მოდის. ვარძია დახურული კომპლექსი იყო, რომელსაც საიდუმლო შესასვლელი ჭაჭკარიდან ჰქონდა. დიდია ამ სოფლის ისტორიული მნიშვნელობა და მისი იერსახის შენარჩუნებაზე ცალკე ვმუშაობთ.
- ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი შემორჩენილია?
- დავიწყებულია. მისი აღდგენა ახლა იწყება. შემორჩენილია ქვის საწნახელები, ქვევრები. მე ღვინოს ქვევრში სხვადასხვა მეთოდით ვაყენებ - ჭაჭით, ჭაჭის გარეშე. ჩვენი წინაპრები ჭაჭის გარეშე აყენებდნენ. ისტორიულად, შვიდი ფერის ღვინოს აყენებდნენ და შვიდივე მოთხოვნის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში გადიოდა ექსპორტზე. როცა მამამ პირველად მითხრა, რომ მესხური ჯიშების მოძიებას აპირებდა, იდეა ზედმეტად რთული და უპერსპექტივო მეჩვენა. ადგილობრივად მესხური ჯიში არსად ჩანდა.
თუნდაც მოგვეძიებინა, კვლევა-ძიებას, შესწავლას წლები დასჭირდებოდა. მიუხედავად თავდაპირველი უიმედო განწყობისა, ხალხში მოძიებული ინფორმაციით რამდენიმე საინტერესო ჯიში ვნახეთ და ღვინოების დაყენება დავიწყეთ. ჯიშების სანახავად გაყოლას მეგობრებს ვთხოვდი, მაგრამ მათ არ ჰქონდათ მოტივაცია, ყოველდღიური საარსებო წყარო სჭირდებოდათ და არა, ერთი შეხედვით უტოპიური გეგმები. დავდიოდი სოფლებსა თუ ნასოფლარებში, ძველ ციხეებში, ეკლესიებში, ტყეში - ყველგან, სადაც შეიძლებოდა ვაზი ყოფილიყო ან არც ყოფილიყო... ფაქტობრივად, ამან ფანატიზმის სახე მიიღო. შინ ზოგჯერ ღამის 2-3 საათზე ვბრუნდებოდი. რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რამდენიმე ჯიშს ერთად ვაყენებდით. როცა ღვინო კომპეტენტურ ადამიანებს გავასინჯეთ, დაგვიდასტურეს, რომ საქმე მაღალი ხარისხის საღვინე ჯიშებთან გვქონდა და მათი ჩამოსხმა გვირჩიეს.
პირველად, სამი მესხური ჯიშის ღვინო 2009 წელს ჩამოვასხით და ბაზარზე გავიტანეთ. მთავარი მიზანი ხალხის რეაქცია-შეფასებების შეტყობა იყო. მალე ღვინის გამოფენებზე გატანა დავიწყე, სადაც დღემდე საკუთარი ხარჯით დავდივარ, რადგან მოგების ეტაპზე ჯერ არ გადავსულვარ. თუ რამეს გავყიდი, შემოსავალს ისევ ღვინის ახალ ქვეყანაში გასატანად, პოპულარიზაციის მიზნით ვიყენებ. უკვე 12 სახეობის მესხური ღვინო დავაყენე. ზოგი - ერთი, ზოგიც - ნახევარი ლიტრია.
მიზანი მხოლოდ ამა თუ იმ ჯიშის სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრაა. წარმოება იმდენად მცირეა, შინ პრინტერზე ამობეჭდილ ეტიკეტს ხელით ვაკრავთ. ეტიკეტის დიზაინს ინდივიდუალურად, კონკრეტული ქვეყნისთვის თავად ვქმნი. ყოველი ახალი ჯიშის აღმოჩენა, მისგან ღვინის დაყენება და პირველი გასინჯვა ბავშვის დაბადებას ჰგავს. ჯიშების იდენტიფიცირებაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან უჯმაჯურიძე მეხმარება, რომელიც ქართული ჯიშების მოძიება-აღდგენით დიდი ხნის წინ დაინტერესდა და ჯიღაურას კოლექციაში უკვე 500-ზე მეტ ქართულ ჯიშს, მათ შორის, 24 მესხურს მოუყარა თავი. ახალ ჯიშს ვუგზავნი, მეცნიერები იკვლევენ, ადარებენ ერთმანეთს და თუ დამტკიცდა, რომ მესხურია, სახელსაც ვარქმევთ. ჯიღაურაში ასობით სხვადასხვა ჯიში მაქვს იდენტიფიცირებისთვის გაგზავნილი. იხილეთ გაგრძელება