„ყვავს კაკალი გააგდებინოო“, - ამ პრინციპიდან გამომდინარე, ნარმანიას 3 000 ლარიც გავაგდებინეთ. რა თქმა უნდა, ბიუჯეტში ამ ცვლილებას მხარს დავუჭერ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით.
საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ საკითხს, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის 1 მილიონამდე ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
აღნიშნული ცვლილებით, თანხა თბილისის მერის სარეზერვო ფონდმა უნდა გამოყოს.
ალეკო ელისაშვილის თქმით, 3 000-ლარიან კომპენსაციას “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 მოვაჭრე მიიღებს.
“ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე ბიუჯეტის ცვლილებას მხარს დავუჭერ. დაზარალებულებისთვის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხა. 3 000 ლარი ცოტაა. სულ მცირე 5 000 ლარი უნდა ყოფილიყო, რომ ამ ადამიანებს ერთი-ორი თვის განმავლობაში თავი მეტ-ნაკლებად გაეტანათ და იმ მძიმე დარტყმის შემდეგ მომავალი დაეგეგმათ. მაგრამ „ყვავს კაკალი გააგდებინოო“ - ამ პრინციპიდან გამომდინარე, ნარმანიას 3 000 ლარიც გავაგდებინეთ და ამ ცვლილებას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ხანძრის შემდეგ ნარმანია აცხადებდა, რომ მომხდარში მერია არაფერ შუაში იყო და კომპენსაციებს არ გასცემდნენ. შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებდა, რომ დაზარალებულებს პრეზიდენტის ფონდისთვის უნდა მიემართა.
“ხომ ყოფილან შუაში?! თავიდანვე გააკეთე, დალოცვილო. ან ამ ხალხს რაღაც აწვალებდნენ, სიცივეში რომ აშიმშილეს? ხომ ყოფილა შესაძლებელი?!”, - განაცხადა ელისაშვილმა.
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები 3000 ლარს უმოკლეს ვადაში მიიღებენ. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძემ განაცხადა, დღეს საკრებულოში ჩანიშნულ საგანგებო სხდომაზე დეპუტატები დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების დროულად გაცემის მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ შესაბამის ცვლილებებს განიხილავენ.