დახურულ სივრცეში ელექტროსიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც აიკრძალება

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპრექტის თანახმად, დახურულ სივრცეში ელექტროსიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც აიკრძალება.

ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა კახა ღვინიანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. 

„ჩილიმი და ელექტროსიგარეტის მოწევა დახურულ სივრცეში, რა თქმა უნდა, აიკრძალება ისევე, როგორც ყველა სხვა თამბაქოს ნაწარმი.  მათი მოწევა დაშვებული იქნება მხოლოდ გარეთ ღია ტიპის კაფეში. რაც შეეხება ჯარიმებს, სიგარეტის მსგავსად ანალოგიური იქნება“, - განაცხადა ღვინიანიძემ.

პარლამენტმა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების მიღების შემთხვევაში თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა და თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა, აგრეთვე პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა.

”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის საჯარიმო სანქციები 50 ლარიდან, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარიდან დაიწყება.

კანონის ძირითადი მუხლები 2018 წლიდან შევა ძალაში. ნაწარმის ხილვადობის აკრძალვა ორი წლის შემდეგ, სტადიონზე მოწევასთან დაკავშირებული აკრძალვა კი, სრულად 2020 წლიდან ამოქმედდება.