კომუნიკაციების კომისიამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის ტელერადიოცენტრს სიხშირეები მიანიჭა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გავრცელების უზრუნველსაყოფად, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ რადიოსიხშირეები უსასყიდლოდ მიანიჭა.

ეს გადაწყვეტილიება კომისიამ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (მულტიპლექსი) 2015 წლის 1 მარტამდე უნდა ააგოს, ხოლო 17 მარტამდე, ქვეყნის მასშტაბით, ამ ქსელის მეშვეობით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გავრცელება უზრუნველყოს.

ასევე, „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ დაეკისრა ვალდებულება პარალელური მაუწყებლობის (ტელემაუწყებლის სიგნალის ციფრულ და ანალოგურ ფორმატებში ერთდროულად გავრცელების) პერიოდში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების სიგნალებისა, თავის ქსელში ჩართოს და გაავრცელოს „რუსთავი2-ის", „ტელეიმედისა" და „I სტერეოს“ სიგნალებიც.

გარდა ამისა, თუკი „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მულტიპლექს პლატფორმაში პარალელური მაუწყებლობის პერიოდის ვადის გასვლის შემდეგ დარჩება თავისუფალი რესურსი, მან სხვა მულტიპლექს ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს მათი დაშვება ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით.

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა გადავიდეს. ეს ვალდებულება ქვეყანამ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წინაშე 2006 წელს აიღო სხვა ქვეყნებთან ერთად, რომელთა უმრავლესობა ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ანალოგურის ნაცვლად ციფრული სატელევიზიო სიგნალის გავრცელება-მიღებას. დღეისათვის მაუწყებლები ანალოგურ სიგნალს ავრცელებენ, რაც შეზღუდული და ამოწურვადი რესურსია, ხოლო ვინაიდან ციფრული მაუწყებლობა ბევრად მეტი არხის გავრცელების საშუალებას იძლევა, ამ ტიპის მაუწყებლობაზე გადასვლა ბაზარზე კონკურენციას გაზრდის. ციფრული მაუწყებლობის მისაღებად სპეციალური მოწყობილობის ან შესაბამისი ტელევიზორის შეძენა მოუწევთ მხოლოდ მათ, ვინც სატელევიზიო სიგნალს ჩვეულებრივი ანტენით იღებს, რადგან საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობა, ძირითადად, უკვე ციფრულია. ციფრული მაუწყებლობა გამოირჩევა საუკეთესო ხარისხის ხმითა და გამოსახულებით.