„შუხმან ვაინსი“, „შუხმან ჰოტელი“, „შუხმან თრეველი“, „შუხმანის ღვინის ბარი“, „შუხმანის ღვინის სპა“, „შუხმან ინვესტი“ - ამ ყველაფერს ერთი ქართველი ქალის ნუცა აბრამიშვილის სახელი აერთიანებს. ნუცამ, რომელიც 2015 წელს „წლის მეწარმე ქალი“ გახდა, კაცებით დომონირებულ ინდუსტრიაში განსაკუთრებული წარმატების მიღწევა მალე შეძლო.
ნუცა აბრამიშვილის სახელი Schuchmann Wines-ს 2011 წელს დაუკავშირდა. დღეს ის კომპანიის გენერალური დირექტორია. ბიზნეს სექტორში საჯარო სექტორიდან გადავიდა. საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში საჯარო მოხელის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობაში - თბილისის მერიაში დაიწყო მუშაობა.
„მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საიდან მიდიხარ ბიზნესში. მაგალითად, პირადად მე, საჯარო სექტორში მიღებული გამოცდილება ძალიან გამომადგა ბიზნესში გადასვლის შემდეგ. მერიაში ადგილობრივი ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების კუთხით აქტიურად მიწევდა მუშაობა. თანხების ეფექტურად მართვის კუთხით მიღებული გამოცდილება კი ყველაზე მეტად დამეხმარა”, – „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს ნუცა აბრამიშვილი.
2011 წელს, როცა ნუცას საქმიანობა Schuchmann Wines-ს დაუკავშირდა, კომპანია ადრეული სტარტაპის პერიოდში იყო. 2011-2012 წლებიდან ძირეული გარდაქმნა დაიწყო და სტარტაპი დიდ კომპანიად, 2013-2014 წლებში კი ჰოლდინგად იქცა. ამჟამად ჰოლდინგი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს.
”ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გასტრონომიაა, რადგან ღვინოს და გასტრონომიას ერთმანეთთან დიდი კავშირი აქვს. ქართული სამზარეულის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს.
ვცდილობთ, ის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ავიყვანოთ. ამას უმეტესად „შუხმან ვაინ ბარის“ საშუალებით ვახერხებთ. აქ თანამედროვე ავანგარდულ მელუკულარულ სამზარეულოს ვქმნით. საქართველოში ცოტა სარისკო იყო მსგავსი პროექტის განხორციელება, თუმცა გაამართლა და მაღალი საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებები გვაქვს, როგორც Trip Advisor-სა და Booking.com-ზე, ისე სხვა მსგავს სივრცეებში,” - ამბობს ნუცა.
„შუხმან ვაინ ბარის“ მსგავსად, ნუცას საავტორო იდეა იყო ღვინის სპა. ზოგადად, სპას სექტორი ახალია საქართველოში. Schuchmann Wine Spa კი განსაკუთრებით უნიკალურია, რადგან იქ მხოლოდ ნატურალურ და ადგილზე დამზადებულ პროდუქციას გამოიყენებენ.
”ზეთები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენთანაა ხელმისაწვდომი. მათ შორისაა ყურძნის წიპწის ზეთი. ასევე, უნკიალურია სპას დიზაინიც. თანამედროვესა და ტრადიციულის განსაკუთრებული თანხვედრაა. აბაზანებს ღვინის ცისტერნის ფორმა აქვს. ეს ჩვენი სტუმრებისთვის განსაკუთრებით მომხიბლავი და დასამახსოვრებელია”, - აღნიშნავს ნუცა.
ახალი მიმარულებების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ღვინის წარმოებას. საწარმოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წარმოება. ამჟამად ორი მილიონი ბოთლის წარმოება ხდება. ამ მიმართულებით ჰოლდინგის და შესაბამისად, ნუცას მიზანი ბაზრების დივერსიფიკაციაა.
ნუცა მიღწეულ შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს კარგი გუნდისა და ერთობლივი მუშაობის პრინციპით საქმიანობის შედეგია.
”ჩვენს რამდენიმე წლიან საქმიანობას ძალიან კარგი შედეგები აქვს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი. ჩვენ შატოს მონახულების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ძალიან ვამაყობ ღვინის ბარითა და ღვინის სპათი. ორივე ჩემი საავტორო პროექტია და ორივე შემთხვევაში ინტერიერი ჩემი დიზაინითაა გაკეთებული. მართალია, მე არ ვარ პროფესიონალი დიზაინერი, მაგრამ ეს საქმე ძალიან მიყვარს და ჩემი ჰობია. ჩვენი სტუმრების 90 პროცენტი უცხოელი მოგზაურები არიან, რომლებსაც საკმაოდ ბევრი რამ აქვთ ნანახი. ამიტომაც უნიკალური შეთავაზების მომზადება აუცილებელი იყო,” - განმარტას ნუცა.
ქართულ ბიზნესსაზოგადოებაში გენდერული ბალანსი ნაკლებადაა დაცული. ნუცა ამ მიმართულებით გამონაკლისია, თუმცა აღნიშნავს, რომ პრობლემები იმის გამო, რომ ქალია, არ შეხვედრია.
”ჩვენი ძირითადი ბიზნესპარტნიორები უცხოელები არიან. პარტნიორ ქვეყნებში გენდერული თანასწორობა მაღალ დონეზეა. საქართველოში ეს პროცესი საწყის ეტაპზეა, თუმცა მე, პირადად, პრობლემები არ მქონია. შეიძლება ითქვას პირიქით ხდება ხოლმე. ევროპაში სრული თანასწორობაა, კავკასიაში კი ქალს განსკუთრებული პატივისცემით ექცევიან. ამიტომ ყველგან დადებითად მხვდებიან,” - აღნიშნავს ნუცა.
საინტერესოა წარმატებული ქალბატონის რჩევებიც სხვა ქალებისთვის, თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას. ნუცა აბრამიშვილის თქმით, მთავარი მიზნისკენ სწრაფვა და თავდაუზოგავი შრომაა.
”ქალსა თუ კაცს თანაბრად სჭირდება მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა. ეს განსაკუთრებით გადამწყვეტია სტარტაპის ეტაპზე. ამ დროს ჩამოსაყალიბებელია ბაზა და ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომში უკვე დიდი კომპანიის შექმნის საფუძველი გახდება. დასაკარგი დრო არ აქვს არც ზოგადად, ქვეყანას და არც ბიზნესსაქმიანობებს. საქართველოში პროცესები გლობალურთან შედარებით ნელა ვითარდება, ბევრი წლით ვართ უკან და ძალიან უნდა ვიჩქაროთ, რომ დაწევა შევძლოთ,” - ამბობს ნუცა.
ნანა მღებრიშვილი