ქუთაისში დამზადებული მეორადი ხის ავეჯი ექსპორტზე ევროპაში გავიდა

ქართული მეორადი ხის ავეჯი, რომელიც ქუთაისში მზადდება, ექსპორტზე ევროპაში გავიდა.

კომპანია „მადერა ჯორჯიას” დირექტორის ბესიკ მატკავას თქმით, ჰოლანდიაში როგორც ავეჯი, ასევე ხისგან დამზადებული დეკორატიული ნივთები იგზავნება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ავეჯის სხვა ევროპულ ქვეყნებში ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ბესიკ მატკავა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, საწარმო საქართველოში პირველია, სადაც მეორადი ხისგან ავეჯსა და დეკორაციებს ამზადებენ.

”მსოფლიოში საუბარი მიდის ბუნების გადარჩენაზე, ეს პროდუქტი, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ბუნების გადარჩენის ერთ-ერთი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ იმ რესურსს, რომელიც ადამიანმა ერთხელ უკვე გამოიყენა. ახალ ხეს არ ვჭრით და სრულიად მწვანე წარმოებას ვეწევით. ევროპის ბაზარი ყოველთვის დაინტერესებული იყო მსგავსი პროდუქციით.

ჩვენი პროდუქცია ექსპლუატაციაში ნამყოფი ძველი, ნებისმიერი ხისგან მზადდება. ხის შენობებს, რომლებიც ექსპლუატაციისთვის უვარგისია, ვშლით და ავეჯს ვაკეთებთ. ჩვენი დევიზია - ძველი ხის ახალი სიცოცხლე. პროდუქციის ნაწილის დიზაინს ჩვენ ვქმნით, ზოგი კი დაკვეთის მიხედვით სრულდება”, - ამბობს ბესიკ მატკავა.

მისი თქმით, „მადერა ჯორჯიას“ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება, თუმცა ძირითადი ორიენტირი ექსპორტია. კომპანია სამომავლოდ წარმოების გაფართოებასა და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

მეორადი ხისგან დამზადებული ავეჯის საწარმო ქუთაისში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე