სააღდგომოდ ლარი, შესაძლოა, გამყარდეს.
ფულადი გზავნილების ზრდა, ტურისტული სექტორის გააქტიურება და ლარზე გაზრდილი მოთხოვნა ეროვნული ვალუტის პოზიციებს კიდევ გააუმჯობესებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ლარის გამყარების ტენდენცია 4 აპრილიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირასა და მომდევნო დღეების განმავლობაშიც, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს პროცესი შემდეგაც გაგრძელდეს.
სადღესასწაულო დღეების შემდეგ ლარი 2,45-ის დიაპაზონში დაბრუნდება. სპეციალისტების აზრით, გამყარების ტენდენცია დიდხანს ვერ შენარჩუნდება, რამდენადაც ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ლარის საზიანოდაა, განსაკუთრებით გამოკვეთილად უარყოფითი საგადასხადელო ბალანსი, რაც ექსპერტების შეფასებით, ლარის გამყარებას გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუშლის.
საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში და უშუალოდ სააღდგომო პერიოდში ლარის გამყარება მოსალოდნელია.
"ველოდებით, რომ გზავნილები შემოვა, მეტი უცხოური ვალუტა დახურდავდება და ლარზე მოთხოვნა მოიმატებს. აღდგომის დღეები მოდის და ეს თავისთავად ცხადია. აქვე საყურადღებოა მთავრობის გადაწყვეტილებაც "სააღდგომო პრემიებთან" დაკავშირებით. თუ ამ ფაქტორს გამოვრიცხავთ, წესით, ლარმა გამყარება უნდა განაგრძოს. არის ორი რამ, რისი პროგნოზირებაც ჭირს: გაცვლითი კურსი და საპროცენტო განაკვეთები. მოკლევადიანი პროგნოზი ლართან დაკავშირებით თითქმის შეუძლებელია. უნდა შევხედოთ, ფუნდამენტური ფაქტორები როგორ იცვლება", - აცხადებს თუთბერიძე.
მისი თქმით, ფულად გზავნილებთან ერთად, ბოლო პერიოდში ტურისტების ნაკადი მატულობს და ესეც გასათვალისწინებელია.
"არ უნდა გამოგვრჩეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც, რასაც უნდა დავაკვირდეთ, რა ტენდენციით ხასიათდება იგი. ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი მოცემულობა, რომ საგადასახდელო ბალანსი მკვეთრად უარყოფითია. დაახლოებით 9 მლრდ-იანი სხვაობაა. იურიდიული პირები, არასაფინანსო სექტორი და მთავრობა ერთად რომ ავიღოთ, ვალდებულებებსა და აქტივებს შორის ცვლილება კატასტროფულად დიდია. ფულადი ტრანსფერებით ამის შევსება ძნელად წარმოსადგენია.
ლარის მიმართ დიდი ოპტიმიზმით არ უნდა გავიმსჭვალოთ. ფუნდამენტური ფაქტორი გვეუბნება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გამყარების ტენდენცია ვერ შენარჩუნდება. ვალების აღება გრძელდება როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის მხრიდან, აქტივები ნაკლებია. წმინდა აქტივები მინუსში თუ გააგრძელებს მატებას, არც კურსი დააყოვნებს და უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაც პერიოდში ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდება", - აცხადებს გოჩა თუთბერიძე და ხაზს უსვამს რამდენიმე ფაქტორს, რამაც ლარის გამყარებას რეალურად უნდა შეუწყოს ხელი.
"მიმოქცევაში ფულის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს, არ დაიწყოს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და მიმდინარე ბალანსიც გაუმჯობესდეს. ლარის კურსის გასამყარებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი რამ ლარის კურსის სასარგებლოდ მეტყველებს. მაგალითად, ტურისტების რაოდენობა ბოლო პერიოდში, ექსპორტ-იმპორტის ბალანსი და სხვა. მიუხედავად ამისა, ლარი გაუგებარ ნახტომებს აკეთებს. ქვეყანა უკვე მიეჩვია ამ კურსით ცხოვრებას. ვხედავთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში უფასურდება და მერე საეჭვოდ მყარდება ლარი. ასეთი რყევები საშიშია.
ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ფონდთან აღადგინა ურთიერთობა, კარგია. შესაძლოა, მან აიძულოს მთავრობა და სებ-ი, რათა ლარის გამყარების მიზნით შეთანხმებულად რამე პოლიტიკა განახორციელონ", - აცხადებს თუთბერიძე.
მოსაზრებას, რომ ლარის გამყარების ხანგრძლივობა სადღესასწაულო პერიოდს ვერ გასცდება, სპეციალისტების უმეტესობა იზიარებს. პროფესორ დავით ასლანიშვილის შეფასებით, ლარის გამყარებას საგრძნობლად უშლის ხელს საქართველოს საფინანსო ბაზარზე "მოქმედი" საბანკო ოლიგოპოლია და ეროვნული ბანკის არაადეკვატური, სიტუაციასთან შეუსაბამო ქმედებები.
ასლანიშვილის ვარაუდით, ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება 15-17 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც, კვლავაც რყევა დაიწყება.
"ბოლო პერიოდში ლარი გაამყარა საგადასახადო სამსახურის მიერ სანიმუშოდ შესრულებულმა საგადასახადო გეგმამ, ანუ გადასახადების მობილიზაციამ. ხაზინაში ანგარიშზე, შარშანდელთან შედარებით, 5-ჯერ მეტი ნაშთია. თუ 1 წლის წინ გვქონდა 200-300 მლნ, ახლა უკვე 1 მლრდ-ის ფარგლებშია.
სიტუაციას გრძელვადიან პერიოდში გაართულებს სებ-ის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხის გაცემა. როგორც ჩანს, საბანკო სექტორი ამ რესურსს საკუთარი ვიწრო ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებს. ლარზე დამატებთი წნეხია საგარეო ვალის გასტუმრება, რა პერიოდიც ახლოვდება.
ვფიქრობ, სებ-ი კიდევ აპირებს რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდას, რადგან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია აქვს დაგეგმილი, რასაც საგარეო ვალის ფაქტორიც ემატება. კატასტროფა ვლინდება იმაშიც, რომ მშპ-ს ზრდა არის სულ 5%, როცა ბანკებში მოგების მაჩვენებელი არნახულ მასშტაბს აღწევს. ჩვენ შევწირეთ მთელი ეკონომიკის კეთილდღეობა მავანთა კერძო ინტერესებს.
მყიფე სიტუაციაა. ვფიქრობ, ლარის გამყარება გაგრძელდება 17 აპრილამდე, მაგრამ შემდგომ პერიოდში პრობლემა მოსალოდნელია. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა სტაბილურად არ მიდის და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობას აფერხებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" დავით ასლანიშვილმა.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"