„საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს.
როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებებით ახალი შემადგენლობა ემატება, ხოლო თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით - სხვადასხვა კლასის ვაგონები.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 13 აპრილიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (№878/877) თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე.
ოთხ ვაგონიანი ელექტრომატარებელი 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს რეისებს. რეისები შესრულდება ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:15 საათზე, ზუგდიდიდან გამოვა 19:15 საათზე და თბილისში ჩამოვა 00:35 საათზე.
ასევე, ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№602/601) და ღამის და დღის სამგზავრო მატარებლებს, რომლებიც მოძრაობენ თბილისი-ოზურგეთი-თბილისის (№654/653 და №12/11) მიმართულებით, ემატება სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები.
ბილეთები იყიდება როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.