საქართველოს ეროვნულ ბანკსა და თურქეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და თურქეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, მემორანდუმს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მურატ ჩეტინკაიამ, ბელეკში, ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონისა და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 37-ე შეხვედრის ფარგლებში მოაწერეს ხელი.

„მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად აწარმოებენ საქმიან დიალოგს ექსპერტების დონეზე და გააძლიერებენ თანამშრომელთა გაცვლით სამუშაო ვიზიტებს, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს ტექნიკური რჩევებით, ტრენინგებით, სემინარებით, ვორქშოფებით, კვლევითი ვიზიტებითა და აქტივობებით ორმხრივად შეთანხმებულ საკითხებსა და სფეროებზე. შეთანხმების შესაბამისად, მხარეები აპირებენ გაცვალონ ინფორმაცია და შეხედულებები ეკონომიკასა და ფინანსური განვითარების შესახებ ორი ქვეყნის ჭრილში და ასევე ცენტრალური ბანკის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.