დავით ნარმანიამ საკრებულოს წევრებს დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას, დედაქალაქში 2016 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

კერძოდ, დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა კრწანისი-შინდისისა და სამება-მახათას ახალ გზების, ესტაკადების, პანდუსებისა და ხიდების მშენებლობაზე.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მიმდებარე ტერიტორიების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, საგრძნობლად დაიტვირთა სოლოლაკის ვიწრო ქუჩები. შესაბამისად, მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულება. დავით ნარმანიას თქმით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელმა გზამ არსებული პრობლემა დღის წესრიგიდან თითქმის სრულად მოხსნა.

რაც შეეხება სამება-მახათას ორკილომეტრიან გზას, რომელიც ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს, თბილისის მერის თქმით, ეს მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ნარმანიას თქმით, აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა კიუვეტები, ასევე, მოეწყო ტროტუარები, რამაც მოძრაობა საგრძნობლად განტვირთა.

„გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები. გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, გაგანიერდა და დაიგო ასფალტის ახალი საფარი,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ესტაკადებისა და პანდუსების მშენებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ წელს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი პუშკინის ესტაკადის მშენებლობა იყო, რამაც მოძრაობა ორმხრივი გახდა და ქალაქის ცენტრალური ნაწილი საცობებისგან განიტვირთა. მისივე თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუხათგვერდის პანდუსსაც, რომელიც აღმაშენებლის ხეივნიდან გადასასვლელი გზაგამტარია.

დედაქალაქის მერის თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისში არსებულ ხიდებს, მათ შორის ბარათაშვილისა და გულიას ხიდებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ზაჰესის დასახლებაში ახალი ხიდი გაიხსნა.

დავით ნარმანიამ 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად ვერეს კალაპოტის ფორმირება დაასახელა. მისი თქმით, კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. შემდგომ ეტაპებს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

თბილისის მერმა წყალარინების მასშტაბური ქსელების მოწყობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო სამგორის რაიონში, კაიროს ქუჩაზე და აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე „ოლიმპიურ სოფელში“.

„საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს შინდისი-ტაბახმელას გზაზეც და ეს საკმაოდ დიდი პროექტია,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის თქმით, 2016 წელს, 144 ობიექტზე განხორციელდა ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერება და ამ მიმართულებით მუშაობა 2017 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

დავით ნარმანიამ ვეტერანთა პარკში ახალი მედიათეკის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, რიგით მესამე მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში გაიხსნება.

თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა.