ფოთში ახალი სამკერვალო ქარხანა გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილთა რიცხვს კომპანია შპს ,,ფელინ გლობალი“ შეემატება.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, ფოთში კომპანია ახალ სამკერვალო ქარხანას გახსნის, სადაც 200 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. ახლად აშენებულ საწარმოში, შპს ,,ფელინ გლობალი“ ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის წარმოებას შეძლებს და სამომავლოდ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიის დამფუძნებლები თურქი ინვესტორები არიან, რომლებსაც მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან წარმატებით თანამშრომლობენ.

”შპს ,,ფელინ გლობალი,“ რომელიც 2017 წლის აგვისტოში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 7 440 000 ლარს შეადგენს”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.