ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რეფინანსირებაზე წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საგარეო ვალის აღებისას მისი პრიორიტეტია საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაბალი განაკვეთი, ვალის გრძელვადიანობა (10 წელი და მეტი) და საჭიროების შემთხვევაში ვალის გახანგრძლივების (პროლონგაციის) შესაძლებლობა.
რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? ჯამურად საქართველოს სახელმწიფო და საგარეო ვალი შეადგენს 15,5 მლრდ აშშ დოლარს, საიდანაც სახელმწიფო ვალის ოდენობა 4,5 მლრდ დოლარს შეადგენს (წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო http://mof.ge/5033). 11 მლრდ აშშ დოლარი კი კერძო სექტორის საგარეო ვალია (მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მიერ აღებული საგარეო ვალი).
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო საგარეო ვალის ოდენობა და გადასახდელი თანხა მიმდინარე და მომდევნო წლებში არის უმნიშვნელო (400 – 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობა მიმდინარე და მომდევნო 4 წლის განმავლობაში), უპრიანია დეტალურად ვიცოდეთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყნის კერძო სექტორი.
----------------------------------------------------------------------
2017 წლის 10 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა საგარეო ვალებზე მომსახურების ახალი გრაფიკი 2017 წლისთვის (იხილეთ სრულად: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304/edgrfgeo.xls).
ცხრილის მიხედვით, რომლის მოკლე ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აგრეთვე თანდართულ სქრინზე, ირკვევა, რომ მიმდინარე წელს კერძო სექტორში მოღვაწე კომერციული ბანკების და კერძო კომპანიების საგარეო ვალის ტვირთი შეადგენს 3,8 მლრდ.აშშ დოლარს (აქედან ძირი: 3.15 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო მასზე გადასახდელი პროცენტი - 673 მლნ. აშშ დოლარი).
დამატებით გასათვალისწინებელია ე.წ. „დაუყონებლივ“ მუხლი, რომელიც შეადგენს 875 მლნ. აშშ დოლარს ( აქედან ძირი: 750 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 125 მლნ. აშშ დოლარი).
მუხლი „დაუყონებლივ“ მოიცავს ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც უკვე ვადაგადაცილებულია და მათზე მომსახურება ჯერ კიდევ 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვერ მოხერხდა.
ჯერ კიდევ 2016 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით მუხლი „დაუყონებლივ“ 735 მლნ დოლარს შეადგენდა, ე.ი. 2016 წლის მეოთხე კვარტალში 140 მლნ დოლარით გაიზარდა.
განსაკუთრებით თვალშისაცემია ის გარემოება, რომ ე.წ. „დაუყონებლივ“ მუხლის მნიშვნელოვანი ნაწილი – 508 მლნ. აშშ დოლარი (ე.ი. 60%) მოიცავს საბანკო ოლიგოპოლიის დავალიანებებს საერთაშორისო კრედიტორების წინაშე.
„დაუყონებლივ“ მუხლში საბანკო ოლიგოპოლიისასეთი დიდი ტვირთი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ საბანკო სესხების გარდა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსურ რესურსებზე წვდომის სხვა ალტერნატივა დღემდე არა აქვთ.
ეს ასევე დასტურია, რომ ათწლეულის მანძილზე ქვეყნის ფინანსური სისტემა საბანკო ოლიგოპოლიის ხელშია, რომელიც დღეს საერთაშორისო კრედიტორებს „ხვალ–ზეგ გამოირე“ პასუხით ისტუმრებს.
ამ „დაუყონებლივ“ მუხლის გათვალისწინებით, ჯამურად მიმდინარე წელს საქართველოს საგადასახადო ტვირთი საერთაშორისო კრედიტორების წინაშე შეადგენს 4.7 მლრდ. აშშ დოლარს ( აქედან დასაფარი ძირი თანხა 3.9 მლრდ. აშშ დოლარია, ხოლო პროცენტი - 800 მლნ).
ამ მხრივ, 4.7 მლრდ. აშშ დოლარის დასაფარი საგარეო ვალის ოდენობასთან მიმართებით სავალუტო ფონდის დანაპირები 285 მლნ დოლარის მოცულობის სესხად გამოყოფა (რაც თავისთავად მნიშვნელოვანია) ზღვაში წვეთს წარმოადგენს.
--------------------------------------------------------------------
საგარეო ვალის აღნიშნულ მოცულობაზე მომსახურება შეიძლება მიჩნეულ იქნეს აგრეთვე როგორც მნიშვნელოვანი ტვირთი სავალუტო ბაზრისთვის.
შესაბამისად, ვთხოვთ ეროვნულ ბანკს და პირადად პრეზიდენტს ბატონ კობა გვენეტაძეს, რომ მხოლოდ გრაფიკის გამოქვეყნება არასაკმარისია, არამედ საჭიროა ოფიციალური განმარტებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
–რატომ დასჭირდა საბანკო ოლიგოპოლიას 508 მლნ დოლარის საერთაშორისო დავალიანების გადავადება, რომელიც მას 2017 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა დასაფარი, და სწორედ ეს „დაუყონებლივ“ მუხლი ხომ არ არის მთავარი გამომწვევი მიზეზი ე.წ. „რეფინანსირების პირამიდის,“ რომელიც 2016 წლის ივნისიდან ეროვნული ბანკისადმი კრიტიკის საგანს წარმოადგენს.
–არსებობს თუ არა კომერციულ ბანკებთან ერთად შემუშავებული გეგმა, თუ როგორ აპირებს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით იმის პირობებში, რომ ე.წ. „დაუყონებლივ“ მუხლის მნიშვნელოვანი ტვირთი მოდის საბანკო ოლიგოპოლიაზე.
– ვთხოვთ აგრეთვე მთავრობას, რომ საგარეო ვალის მომსახურებასთან დაკავშირებული სავალუტო რისკების ფონზე როგორც მომხმარებლებს, ისე ბიზნესს შესთავაზოს სესხების გალარების საყოველთაო პროგრამა, მოიხსნას ყოველგვარი თანხობრივი ან დროითი შეზღუდვა და საკრედიტო პორთფელი სრულად გალარდეს.
მიმაჩნია, რომ სანიმუშო ფისკალური დისციპლინით მიღწეული საბიუჯეტო პროფიციტის პირობებში გაცვლითი კურსის შესაბამისი სუბსიდირების განხორციელება არის სავსებით რეალური და აქვს წარმატების კარგი წინაპირობები."