დავით, ჩვენ ერთ დროს ვმეგობრობდით და მივცემ ასე მომართვის უფლებას ჩემს თავს - მთავარი არ გაკეთდა, მთავარ პრობლემებს დაემალე და გაექეცი , - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერს დავით ნარმანიას.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს პარკინგი და ჰაერის დაბინძურება. მისივე თქმით, ჰაერი დაბინძურებულია და იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს.
ალექსანდრე ელისაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალურ ტრანსპორტზე და განაცხადა, რომ ”ჩვენდა სამარცხვინოდ მეცხრამეტე საუკუნეს რომ შეესაბამება, ისეთი ტრანსპორტი ჰყავს დედაქალაქს”. ”წვიმის დროს განსაკუთრებით ვიცით რა ხდება. ვერც მანქანით გაივლი და ვერც ფეხით, იმიტომ, რომ მანქანები არის შუა გზაზეც, ტროტუარზეც, სადარბაზოშიც და ლამის სახლშიც. ამ მანქანების გამო არის საშინლად შხამიანი ჰაერი. ძალიან მარტივად ვამბობთ, რომ 4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას ჰაერის დაბინძურება. ეს არის შხამი, რომელიც გვანადგურებს. არაფრის გადაჭარბება არ მინდა. სიმსივნური დაავადებები არის რამდენჯერმე გაზრდილი და მე რაღაც სტატისტიკას არ ვლაპარაკობ. ჩემთვის ძლიან ძვირფას ადამიანებს, სამწუხაროდ, კვირა არ გავა, რომ ონკოლოგიური დაავადებები არ აღმოაჩნდეთ. ახლაც უცხო ქვეყანაშია ჩემი აპარატის თანამშრომელი, რომელიც მძიმედაა. მთელი გულისყური იქით მაქვს. არ ვიცი იმ ადამიანს სიმსივნე აქვს თავის ტვინში თუ სხვა რამ. არ იცის დანდობა ამ შხამიანმა ჰაერმა, არც კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, არც სხვების.
ასევე დიდი გამოწვევა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჯაბა სამუშიას ახსოვს, მაშინ ჩვენ ვმეგობრობდით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ როგორ ძალადობრივად მოხდა მონოპოლიზება ერთ დუქანში დარეგისტრირებულ სამ კომპანიაზე. სამარშრუტო ტაქსები ერთ-ერთი ძირითადი გადამყვანია დღესაც. ჩვენდა სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, მე-19-ე საუკუნეს რომ შეესაბამება, ისეთი ტრანსპორტია”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისივე თქმით, კარგია, რომ რამდენიმე ავტობუსი ჩამოიყვანეს, მაგრამ ეს არის უფრო დეკორაცია, ვიდრე რეალობა.