თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, 12 სხვადასხვა არეალი გამოიყო და 40 სხვადასხვა სახეობის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა იქნება , - ამის შესახებ თბილისის მერმა საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
დავით ნარმანიამ 2016 წელს განხორციელებულ და 2017 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. თბილისის მერმა განცხადება გააკეთა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც, მისი თქმით, სკეპტიკური განცხადებები გაისმა. დავით ნარმანიას თქმით, კითხვები იყო ოპონენტების მხრიდან, თუ რა საჭიროა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმის გაკეთება, როდესაც ქალაქის განვითარების გენგეგმა იქმნება.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ქალაქის განაშენიანების გეგმა ჩარჩო-დოკუმენტია, ხოლო თბილისის ზღვის განვითარების გენგეგმა ფოკუსირებულია კონკრეტულად თბილისის ზღვის განვითარებაზე, რათა იქ არ მოხდეს ქაოტური განაშენიანება. ნარმანიას თქმით, თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, 12 სხვადასხვა ადგილი გამოიყო, სადაც 40 სხვადასხვა სახეობის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებია.
ნარმანიას განცხადებით, სკეპტიკოსთა განცხადებები, რომ საფრთხე შეექმნება თბილისის ზღვის წყალს, სინამდვილეს არ შეეფერება. ”იქ არ იქნება მრავალსართულიანი მშენებლობები და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს თბილისის ზღვაზე განაშენიანების გამო პრობლემები არ შეექმნება”, - განაცხადა მერმა.