როგორ მოვიპოვოთ ბინადრობის უფლება ევროპაში

საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებს ბინადრობის ნებართვის თხოვნით ხშირად მიმართავენ. ბინადრობის უფლება აუცილებელია სწავლის და შრომითი საქმიანობის დაწყების მიზნით. სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებები სხვადასხვა სახის დოკუმენტაციას ითხოვენ, განსხვავებულია პროცედურებიც.

ამ საკითხში უკეთ გასარკვევად, Allnews.ge დიასპორული ინვესტიციების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტ ზაალ სარაჯიშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ბინადრობის უფლების მიღება და შესაბამისად, დასაქმება ან სწავლა გადაწყვიტეთ, ამაში ვიზალიბერალიზაცია ხელს შეგიწყობთ, - "თუ მოქალაქის მიზანი ბინადრობის უფლების მიღებასთან ერთად დასაქმება იქნება, მას შეუძლია კონკრეტული ქვეყანაში ვიზიტის პერიოდში დამსაქმებელთან კონსულტაცია გაიაროს, შესაბამისი დოკუმენტაცია გააფორმოს და 90 დღის გასვლის შემდეგ, როდესაც მას ევროკავშირის ტერიტორია დატოვებული ექნება, შრომის უფლების შესახებ ნებართვას დაელოდოს. დასაქმებისა და ბინადრობის უფლების მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია, ინფორმაცია გამოცდილებასა და განათლებაზე, რაც დამსაქმებლის მიერ კონკრეტულ ორგანოს წარედგინება, რომელიც დასაქმებისა და ბინადრობის საკითხებს წყვეტს.

შესაბამისად, დოკუმენტაციას საქართველოს მოქალაქე კი არა, მისი დამსაქმებელი წარადგენს.

ეს საკითხი ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა მოგვარებული, მაგალითად, საბერძნეთსა და იტალიაში ბინადრობასთან, შრომასთან და სწავლის უფლებასთან დაკავშირებული პროცედურები თვითმმართველობის ორგანოებს ეხება, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში კი სამინისტროებს (შრომის, ჯანდაცვის, იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტრო)," - განმარტავს სარაჯიშვილი.

რაც შეეხება ნასამართლეობას, ზაალ სარაჯიშვილის თქმით, ბინადრობისა და შრომის უფლების მიღებაზე ეს ფაქტორი შესაძლოა, შემაფერხებელი იყოს, - "თუმცა, აქაც ის გარემოება უნდა აღინიშნოს, რომ ეს დამოკიდებულია სამართალდარღვევის ტიპზე. გარდა ამისა, სესხები ან ბანკთან პრობლემები შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება არა დამსაქმებელთან არამედ საგადასახადო სამსახურთან ან საბაჟოსთან გახდეს," - განმარტავს ის.

რაც შეეხება სწავლის უფლებას, თუ ევროპის ქვეყნებში სწავლის ვადები 90 დღეს მოიცავს, ამ შემთხვევაში დამატებითი ნებართვა საჭირო არ არის, ხოლო თუ სწავლის გაგრძელებას წლების განმავლობაში აპირებთ, მაშინ ნებართვის მიღება გესაჭიროებათ:

"ამ შემთხვევაში სასწავლო დაწესებულება ვალდებულია, დოკუმენტები, რომლის წარმოდგენასაც თქვენგან მოითხოვენ უნივერსიტეტმა/კოლეჯმა შესაბამის უწყებაში თავად წარადგინოს და თქვენ შესახებ ნებართვა მიიღოს," - განმარტავს ზაალ სარაჯიშვილი.

გარდა ევროპის ქვეყნებისა, ქართული დიასპორა ისრაელშიც ფართოდაა წარმოდგენილი. საქართველოს მოქალაქეები ისრაელში როგორც დასაქმების, ისე განათლების მიღების მიზნითაც მიემგზავრებიან, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის საზღვრიდან მათ უკან მასობრივად აბრუნებენ. ამის მიზეზად სპეციალისტები უსაფრთხოების გამკაცრებულ ნორმებს ასახელებენ. იხილეთ გაგრძელება