თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში წლების განმავლობაში არსებული აუტანელი სიტუაცია ბოლო ხანებში თითქოს გაუმჯობესდა, თუმცა ზოგიერთი გადასასვლელი კვლავ მოუვლელი და დაუსუფთავებელია.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში, რაც შეეხება სკვერებსა და პარკებს, იქ ისევ შეხვდებით ბალახზე მიმოფანტული სიგარეტის ნამწვავებს, პოლიეთილენის პარკებს თუ სხვა სახის ნარჩენებს.
როგორც თბილისის დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, 22 მიწისქვეშა გადასავლელს „თბილსერვის ჯგუფი“ უვლის, დანარჩენი კი - კერძო ფირმების მფლობელობაშია. წინა ხელისუფლების დროს ათეულობით პარკი, სკვერი და მიწისქვეშა გადასასვლელი გადასცეს კერძო კომპანიებს. ზოგიერთი მათგანი გაყიდულია, ხოლო ნაწილი - იჯარით არის გაცემული.
გაცილებით რთული სიტუაციაა სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობის მხრივ: როგორც შპს „გრინსერვისის“ დირექტორმა - კობა ხარშილაძემ გვითხრა, მათ მფლობელობაში არსებული ბაღების და სკვერების დასუფთავება „თბილსერვის ჯგუფის“ ანუ დასუფთავების სამსახურის ფუნქციებში შედის.
„ჩვენ მხოლოდ მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა გვევალება. ბუჩქების გასხვლა, გაკრეჭა, ხეების მოვლა და ჩვენს პარკებში სიმწვანის შენარჩუნება“, - აღნიშნა კობა ხარშილაძემ.
როგორც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ - დავით დოლიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, „თბილსერვის ჯგუფს“ დედაქალაქის მასშტაბით 10 პარკი აქვს მოსავლელი.
„შეიძლება კერძო კომპანიების მფლობელობაში გადასული ბაღების და სკვერების დაგვა-დასუფთავება „გრინსერვისს“, ან რომელიმე სხვა ფირმას არ ევალებოდეს, მაგრამ ეს არც ჩვენ გვევალება: ჩვენ არ ვართ პასუხიმგებელი მათი ტერიტორიის დასუფთავებაზე, რაც დიდ გაუგებრობას ქმნის. „თბილსერვის ჯგუფს“ დედაქალაქის მასშტაბით 10 პარკი აქვს მოსავლელი - ალექსანდროვის ბაღი, 9 აპრილის ბაღი, „მზიური“, ვაკის პარკი, ვერის ბაღი, დიღმის ტყე-პარკი და სხვა. ამ პარკების გარდა ჩვენ მოვლა-პატრონობაში სხვა პარკები არა გვაქვს და არც მათი დასუფთავება გვევალება. მაგალითად, მე არსად მაქვს განსაზღვრული, რომ კოლმეურნეობის მოედანთან არსებული პარკის მოწესრიგება და დასუფთავება მევალება. იქ ნაგვის ურნებიც სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ ვერ ვცვლით, რადგან არა გვაქვს ამის უფლება“, - აღნიშნავს დავით დოლიძე.
რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელებს, დოლიძის განმარტებით, „თბილსერვის ჯგუფს“ 2016 წლის მაისიდან გადაეცა რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობა, განათების გაკეთება და კეთილმოწყობა.
„დედაქალაში 55 მიწისქვეშა გადასასვლელია, აქედან „თბილსერვისის“ მოვლა-პატრონობაში მხოლოდ 22-ია. დანარჩენები 2012 წლამდე პერიოდში კერძო ფირმებზე გაასხვისეს და როცა ტენდერით გათვალისწინებული ვადა ამოეწურებათ, ყველა ხელშეკრულება შეიცვლება. ზოგს წელს ეწურება ვადა, ზოგს - მომავალ წელს, ხოლო ზოგიერთს - 2020 წელს. 22 მიწისქვეშა გადასავლელიდან 18-ს უკვე რემონტი ჩავუტარეთ. ვაკის პარკთან, ტელევიზიასთან, ანჩისხატის მიმდებარე ტერიტორიაზე - ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში დავაყენეთ ეკონომიური განათება. ყველაზე პრობლემური ადგილი გვაქვს „უშბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რემონტი უახლოეს მომავალში დაიწყება, ასევე - წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, სადაც გარევაჭრობა მიმდინარეობს. იქ ანტისანიტარიაა, დღეში ორჯერ სუფთავდება, მაგრამ იქაურობა მაინც მოუწესრიგებელია“, - აღნიშნავს დავით დოლიძე.
მისი თქმით, ყველაზე მძიმე სიტუაცია გმირთა მოედანთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელშია, სადაც მუდმივი სიბინძურე და ანტისანიტარიაა.
„გმირთა მოედანზე ყველაზე რთული მდგომარეობა გვაქვს. ეს მიწისქვეშა გადასასვლელი გარემონტებულია, უბრალოდ, იქ ღამის საათებში ისეთი ხალხი იკრიბება, რომელიც ამ გადასასვლელს საშინელ მდგომარეობაში აგდებს. იქ მუდმივი სიბინძურე და ანტისანიტარიაა. საღამოს მუშაობა კი, შეუძლებელია, რადგან ეს ხალხი ჩვენს თანმაშრომლებს საფრთხეს უქმნის. ისინი აზიანებენ განათებას, კაბელებს და ყველაფერს ირგვლივ... ერთი თვის წინ 40-მდე სანათი დავაყენეთ და 35 ქვებით ჩაამსხვრიეს. ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში დაზიანების მესამე შემთხვევაა. რამდენჯერმე გავანათეთ, მაგრამ ანგრევენ და ამტვრევენ. ეტყობა არ სურთ, რომ იქ ნორმალური სიტუაცია იყოს. შსს და საპატრულო პოლიცია საქმის კურსში არიან და ვნახოთ, რას გაარკვევენ. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება შსს-თან, რომ ასეთ ადგილებში კამერები დაიდგას, იქნებ ამან მაინც გამოასწოროს მდგომარეობა“, - აღნიშნავს დავით დოლიძე.
დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის დახმარების გარეშე ვერაფერს მიაღწევენ, ყოფილა შემთხვევა, როცა „თბილსერვისის“ თანამშრომლებს ყველაფერი დაგვილი და მოწესრიგებული დაუტოვებიათ და 1-2 საათში იმ ადგილას საშინელი უწესრიგობა და ნაგავი დახვედრიათ.
„თუ მოსახლეობა ჩვენს ნაშრომს არ გაუფრთხილდება, დედაქალაქში წესრიგს ვერასოდეს დავამყარებთ. ჩვენი მიწისქვეშა გადასასვლელების, ბაღების და სკვერების მოვლა თბილისელების მოვალეობაცაა“, - აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაკები.
ხათუნა ჩიგოგიძე