”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებისთვის პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმების პირობები მიუღებელია.
როგორც მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, პროკურატურის ბოლო შეთავაზებაა, რომ ”ცენტრ პოინტმა” უნდა დაიწყოს მშენებლობები, დაზარალებულთა დაკმაყოფილება და ამის შემდეგ გადაწყდება კომპანიის ქონებისთვის ყადაღის მოხსნა.
”ეს მიუღებელია დაცვის მხარისთვის. გამოდის, რომ პროკურატურა ერთს ლაპარაკობს საჯაროდ, საზოგადოებისთვის, ხოლო მეორეს გვთავაზობს ჩვენ”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
ადვოკატის თქმით, ამის მიუხედავად მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით არავითარი სიახლე საპროცესო შეთანხმების კუთხით არ არის.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმების ყველაზე მისაღები პირობა ჯერ კომპანიის ქონებისთვის ყადაღის მოხსნაა, რასაც, საბოლოო ჯამში, მშენებლობების დასრულება და დაზარალებულების დაკმაყოფილება მოჰყვება.